ხშირად ზელენსკის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქვეყანაში მოქმედ მტრულ ძალებთან - პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კომენტარს არ გააკეთებს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე, თუმცა იქვე დასძენს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები ხშირად თანხვედრაშია საქართველოს დესტრუქციულ ოპოზიციასთან.

„რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია და მე არ მინდა, გარკვეული სპეკულირების საშუალება და საფუძველი მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს, მათ შორის, ასევე დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს არ აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე – რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს სტატუსი. ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს ესხმის თავს და ითრევს განუკითხაობაში, რასაც სხვადასხვა გზით ვხედავთ ბელარუსსა და საქართველოში.

„ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს რომ რუსეთმა გაანადგუროს ის, უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. თუ არადა, რჩება მხოლოდ 2 ალტერნატივა – ღია საომარი მოქმედებები ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.