ლაზარე გრიგორიადისის მამა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

სასამართლომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე ნინო ენუქიძე იყო.

გრიგორიადისი გუშინ, 1 ივნისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


მის დაკავებას დღეს ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენის შეფასებით, კარვის გაშლა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია და მისი შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია, როცა კარავი არ ბლოკავს შენობის შესასვლელს ან აფერხებს ტრანსპორტს.


ლაზარე გრიგორიადისის მამას უწყვეტი პროტესტი ჰქონდა დაანონსებული. მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი მხოლოდ მისი განსხვავებულობის და მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე სიარულის გამოა დაკავებული, რადგან მტკიცებულებებში „არ ჩანს უშუალოდ ლაზარეს ხელით გასროლილი მოლოტოვის კოქტეილი, საერთოდ არ არის გარჩევადი კონკრეტული სახეები”.