„პოლიციელმა მითხრა, არალამაზი რამ აწერია ბანერზეო" - საბა ბრაჭველი მის დაკავებას იხსენებს

პუბლიკა

„ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომელი, იურისტი საბა ბრაჭველი, რომელიც 2 მაისს პარლამენტთან დააკავეს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღწერს, რატომ მივიდა 2 მაისს აქციაზე და როგორ დააკავეს ის.

ბრაჭველის თქმით, ის პარლამენტთან მას შემდეგ მივიდა, რაც სოციალურ ქსელში ნახა ვიდეო, როგორ დააკავეს ადამიანი ხელში დაჭერილი ფურცლის გამო. მისი, როგორც იურისტის შეფასებით, პროტესტის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა.

„მე გავედი რუსთაველზე და დავიკავე თაბახის ფურცელი იმავე წარწერით, რადგან მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესი ქვეყანა, ვიდრე რუსეთი ან ბელორუსია. ჩემი ეს მოქმედება იყო ჩემი თანამოქალაქის გამოქომაგების, სოლიდარობის აქტი, რადგან არ შეიძლება პოლიციის მიერ ადამიანზე ძალადობას წესრიგის აღდგენას არქმევდნენ და ჩვენ ამას მშვიდად ვხვდებოდეთ.

აქციაზე ჩემს თანამოაზრეებთან დგომის დროს ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი, სერგი ბზიშვილის მეთაურობით (რომელსაც ალბათ ჰგონია, რომ მისი სახელი არ ვიცით, მაგრამ სახალხო დამცველის აპარატში 7 წელი მუშაობა ბევრი საგმირო საქმის ავტორს გამახსოვრებინებს). მან მითხრა, მიმეცა მისთვის ჩემი პლაკატი, რაზეც მივუგე, რომ ეს ჩემი საკუთრება იყო და არ მივცემდი. მან მითხრა, „არალამაზი რამე“ აწერია ზედო, რაზეც ავუხსენი, რომ ჯერ ერთი, ეს უცენზურო სიტყვა არ იყო და მეორე, რომც ყოფილიყო, ეს დაცული იყო ჩვენი კანონმდებლობით და სტრასბურგის სამართლით. მეტიც, „პანორამა არა ყ*ე“ წარწერაზეც კი თქვა სტრასბურგმა, ადამიანის ამის გამო დაკავება არ შეიძლებათქო.

არ ვიცი, სტრასბურგის ხსენების გამო გაბრაზდა ბატონი სერგი თუ პანორამის გამო, ამ დროს უბრძანა თავის ქვეშევრდომებს, ეს გაიყვანეთო, რის შემდეგაც წამაქციეს, ტერიტორიიდან გამიყვანეს, ხელბორკილები დამადეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს იმ ფურცლის წართმევა. ცხადია, სამართლის სრული უგულებელყოფით“, – წერს ის.

ბრაჭველი წერს, რომ დაკავების შემდეგ 6 საათის განმავლობაში არ დაარეკინეს ოჯახთან, ადვოკატთან ან სახალხო დამცველთან. ბრაჭველის თქმით, მასთან ერთად იყო 19 წლის ბიჭი, რომელმაც თქვა, რომ პოლიციელმა შეაგინა და ხელი დაარტყა.

„როცა დაკავებული თელავში მივყავდი, მერე გურჯაანში და ბოლოს – ისევ თელავში (ქართული პოლიციის სანაქებო ორგანიზებულობის ნიშნად), ჩემმა მეწყვილეებმა აღმოაჩინეს, რომ პოლიცია, მისი ორგანიზაცია და კულტურა ჩემი განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ედინბურგის უნივერსიტეტში ჩემი სამაგისტროც ამ თემას შეეხებოდა. მე მათ ვუყვებოდი ყველა ქვეყნის პოლიციელებისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშან-თვისებებს და შემდეგ ვუთხარი იმ ნიშანზეც, რაც კონკრეტულად ქართულ პოლიციას ახასიათებს – სრული, ყოვლისმომცველი და ყველგან გაჟღენთილი სიცრუე. სიცრუე, რომელიც გახდა ქართული პოლიციის modus operandi და რომლის გარეშეც ის უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებს.

და სანამ მეორე მხარე გააპროტესტებდეს, ეს ყველაფერი ამ საქმესთან რა შუაშიაო, ჩემი საქმიდან მოვყვები პოლიციის სამარცხვინო ტყუილების კასკადს:

– ჩვენს პროცესზე მოვა, ფიცს დადებს და ჩვენებას მისცემს ბატონი დავითი. ბატონი დავითი არის ადამიანი, რომელმაც თავი გაიფორმა, თითქოს მან დამაკავა მე. ცხადია, ეს სრული სიცრუეა – იგი მე მხოლოდ რამიშვილის ქუჩაზე, პოლიციის დეპარტამენტში ვნახე. ის არ ჩანს არც ერთ ვიდეოში და ვიდეოც არ არის საჭირო ამ სიცრუის აღსაქმელად – ბატონ დავითს რომ შეხედოთ მიხვდებით, რომ, სრული პატივისცემის მიუხედავად, რუსთაველზე ის რომ დამჯაჯგურებოდა, ჩემს მორევას ნამდვილად ვერ შეძლებდა.

მაგრამ ბატონი დავითი დაიფიცებს და მოიტყუება, რადგან ის ტყუილს მიეჩვია და ჩვენც, ყველამ, რაღაცნაირად გადავწყვიტეთ, რომ პოლიციის ტყუილები ნორმალური და მისაღებია.

– ბატონი დავითი არის ადამიანი, რომელმაც ექვსი საათის განმავლობაში არ დამარეკინა. არ დამარეკინა არც ოჯახთან, რომ ორი სიტყვით მეთქვა, რომ კარგად ვარ, არც ადვოკატთან, და არც სახალხო დამცველთან, რომ მეთქვა, ჩემს გვერდით 19 წლის ბიჭია, რომელიც წეღან გაიყვანეს და დაბრუნებულმა მითხრა, პოლიციელმა შემაგინა და ხელი დამარტყაო. უამრავი წინასწარვე აშკარად ტყუილი სამარცხვინო დაპირების მიუხედავად, სანამ თელავში არ ჩავედი, ვერავისთან შევძელი დაკავშირება. გზაში ვეუბნებოდი, ვიცი, რომ არ დამარეკინებთ და მეხუთეკლასელივით მაინც რატომ იტყუებითთქო.

– ბატონი დავითი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ დაკავების ოქმზე ხელი მომეწერა, მაგრამ ძალიან არ უნდოდა, რომ მასზე შენიშვნა გამეკეთებინა. როცა მე შენიშვნა მაინც გავაკეთე (ჩვენი პოლიციელების სანაქებო კომპეტენტურობის წყალობით) და მივუთითე, რომ არ ვეთანხმებოდი არც დაკავების გარემოებებს და არც სამართლებრივ შეფასებას, ბატონი დავითი – მამაჩემისხელა კაცი – გაფითრდა, ენა დაება და თავის უფროსთან გაიქცა, ეს რა გამიკეთა, ხელახლა ხომ არ გადავწერო ოქმიო.

ბატონო მოსამართლევ, რატომ ეშინიათ პოლიციელებს იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი კანონისმიერი უფლებებით ვისარგებლოთ?

– დაბოლოს, ბატონი დავითი, თუ ესეც არ მოიტყუა, არის ადამიანი, რომლის შვილიც სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტში. ხანდახან, ალბათ, აქციებზეც დადის ხოლმე. და ბატონ დავითს სულაც არ რცხვენია იმის, რომ მისი შვილის მეგობრებს უკანონოდ იჭერს.

სწორედ ეს არის, ბატონო მოსამართლევ, ამ საქმის მთავარი ტრაგედია, და არა ჩემი 48-საათიანი კარანტინი, რომლის დროსაც კარგად გამოვიძინე და მედიტაციებსაც მივმართე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენი პროცესი არ შეეხება იმას, თაბახის ფურცლებით რუსთაველზე დგომა არის თუ არა ჩვენი უფლება. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან კონსტიტუცია, კანონმდებლობა და სტრასბურგის სამართალი უბრალოდ კითხვის ნიშანს არ ტოვებს. არა, ჩვენი სხდომის მთავარი კითხვა შემდეგია:

– როდის შევთანხმდით – ჩვენ, თქვენ, ყველა – რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ უკეთეს პოლიციას?

– როდის შევთანხმდით, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს არა ქართული პოლიცია, რომელიც ხალხს და საქართველოს ემსახურება, არამედ ბელორუსული მილიცია, რომელიც თაბახის ფურცლებს დასდევს და საკუთარი მოვალეობა დავიწყებია?

– როდის გადაწყდა, რომ ქართველი პოლიციელი უნდა იქცეოდეს არა როგორც გმირი, რომელიც ის წესით უნდა იყოს, არამედ, როგორც რიგითი მატყუარა, რომელიც საკუთარ ღირსებასაც გადააბიჯებს, თუ უფროსმა უბრძანა?

– როდის გადაწყდა, რომ პოლიციის ძალადობას, კარვების წართმევას, წვიმაში მყოფი დედებისთვის თავშესაფრის მოშლას და სხვა უკანონობებს წესრიგის აღდგენა უნდა ერქვას?“, – წერს ის ვრცელ პოსტში, რომელიც, მისი თქმით, ის სიტყვაა, რომელსაც სასამართლოში იტყვის, როცა მისი პროცესი ჩაინიშნება.


2 ივნისს პარლამენტის  წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.