მოსამართლე შოთა გეწაძემ მოსამართლის თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, შოთა გეწაძემ, პირადი განცხადებით, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობა დატოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 1 ივნისიდან გეწაძე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე დანიშვნის გამო.

„სასამართლო გუშაგის“ ცნობით, იუსტიციის საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ  უკვე ყოფილი მოსამართლე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებებისა და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს.

შოთა გეწაძეს მოსამართლეობის 13-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

2018 წლიდან ის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე იყო. ის 2019 წელს უზენაესის უვადო მოსამართლედ იყრიდა კენჭს, თუმცა პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა.

შოთა გეწაძის გახმაურებულ საქმეებს შორისაა: ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე.

შოთა გეწაძე ერთ-ერთი იყო იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც არ დაეთანხმნენ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის კრიტიკას ელჩების მიმართ.