მოსამართლეები აცხადებენ, რომ არ იზიარებენ ელჩების კრიტიკის საპასუხოდ მოსამართლეების განცხადებას

პუბლიკა

მოსამართლეები შოთა გეწაძე და ქეთევან მესხიშვილი აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების შინაარსს.

„არ ვეთანხმები ამ განცხადების პათოსს, ყველა მოსამართლე ასე არ ფიქრობს“- წერს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე შოთა გეწაძე სოციალურ ქსელში.

„ფეისბუქს“ იყენებს განცხადების პლატფორმად სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ქეთევან მესხიშვილიც.

მოსამართლე ემიჯნება კომიტეტის განცხადებას და წერს, რომ ისურვებდა, საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა.

მესხიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით ცდილობენ, მეტი ნდობითა და პატივისცემით აღჭურვილი სასამართლოს შექმნას.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“, – წერს მოსამართლე.

ქეთევან მესხიშვილის ამ განცხადებას პოსტის კომენტარებში მხარს უჭერენ სასამართლო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე; რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი უვადო მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში ციცინო კვინიკაძე; თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ჯინორია; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი; ზაზა მარტიაშვილი; გიორგი ებანოიძე; მამუკა წიკლაური;

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე, რომელიც კომენტარში წერს, რომ როგორც რიგითი მოსამართლე, მადლიერია საერთაშორისო პარტნიორების თანადგომისა და მხარდაჭერის.

„რა თქმა უნდა, ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის ამგვარი შინაარსის წერილს და ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან ნათელია, რომ ასეთი დამოკიდებულება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პროგრესს სასამართლო სისტემაში“, – წერს ლევან დარბაიძე.

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი კი წერს, რომ აშშ-ზე და ევროკავშირზე დიდი მეგობარი და პარტნიორი არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ხაჟომიას განცხადებით, „განვითარებას არ აქვს ალტერნატივა და შვილები უკუსვლას არ გვაპატიებენ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გელა ბადრიაშვილი მადლობას უხდის ამერიკელ ხალხსა და ევროკავშირს ქართული მართლმსაჯულების გაძლიერებისა და დახმარებისთვის.

…[განახლებადი];

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებულ შეფასებებს ეხმაურება.

„გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი“, – ასე აფასებს კომიტეტი შეფასებებს.

განცხადების გავრცელების დროს „პუბლიკა“ დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და დაინტერესდა, რამდენი და რომელი მოსამართლის აზრს წარმოადგენდა აღნიშნული ტექსტი.

საბჭოში განგვიმარტეს, რომ კომისია წარმომადგენლობითია და შეიძლება განზოგადდეს მოსამართლეებზე. აღსანიშნავია, რომ XXX კონფერენციაში მონაწილეობა 266-მა მოსამართლემ მიიღო.


31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მოსამართლეთა XXX კონფერენცია, რომელზეც საბჭოს 2 მოსამართლე წევრი აირჩიეს, რადგან თამარ ონიანმა  და თეა ლეონიძემ საბჭო ვადაზე ადრე დატოვეს.

მოსამართლეთა კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებისა და საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.