„გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი“ - მოსამართლეები აშშ-ის და EU-ს შეფასებებზე

პუბლიკა

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებულ შეფასებებს ეხმაურება.

„გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი“, – ასე აფასებს კომიტეტი შეფასებებს.

განცხადებაში წერია, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სასამართლო ხელისუფლებაც ასევე დამოუკიდებლად, გარედან ჩარევის გარეშე საქმიანობს და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

კომიტეტის წევრები საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს ახსენებენ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომლის თანახმად, საელჩოების თანამშრომლები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს, არ ჩაერიონ მის საშინაო საქმეებში.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის განუხრელად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს წყვეტს მხოლოდ კანონის საფუძველზე, ყველა გარეშე სუბიექტისაგან დამოუკიდებლად. ამიტომ ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ  ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება. კონფერენცია ჩატარდა კანონის სრული დაცვით და თუ ვინმესთვის მიუღებელია მისი შედეგები, ამის გამო მთელი პროცესისთვის ჩრდილის მიყენება ცალსახად უმართებულოა.

რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად დააზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან სწორედ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაურევლობა და მისი დამოუკიდებელი საქმიანობა არის დასავლური მართლწესრიგის უმთავრესი ქვაკუთხედი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო.

გაუგებარია, თუ რატომ შეფასდა აღნიშნული კონფერენციის ჩატარება ,,ნაჩქარევად“: კონფერენცია დაინიშნა და მისი დღის წესრიგიც გამოქვეყნდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით. ამდენად, ყველა დაინტერესებული პირისათვის 7 დღით ადრე გახდა ცნობილი კონფერენციის თარიღის და განსახილველი საკითხების შესახებ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია დასკვნები იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე ,,ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას“ და რომ ,,დახურული სისტემის გამო ბევრი პროფესიონალი წევრი გამოთიშულია ამ პროცესიდან და უკეთესს იმსახურებს“. ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია მთელი სასამართლო კორპუსისათვის და ცალსახად წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ვენის კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ასარჩევად კანონი საკონკურსო პროცედურებს არ ითვალისწინებს. უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე წევრობის კანდიდატურის დასახელება შეუძლია ნებისმიერ მოსამართლეს. არც წარსულში ყოფილა შემთხვევა და არც 31 ოქტომბრის კონფერენციაზე შეზღუდულა რომელიმე მოსამართლე, დაესახელებინა კანდიდატურა და ამგვარად ჩაბმულიყო საარჩევნო პროცესში. არჩევნები ჩატარდა სრულიად თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში, კანონით დადგენილი ფარული კენჭისყრის პირობებში.

თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, მზად ვართ ვიმსჯელოთ მათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხილული შეფასებები ტოვებს განცდას, რომ გარკვეული სუბიექტები ვერ შეურიგდნენ კონფერენციაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს დ ამის გამო ხდება სასამართლო სისტემაზე თავდასხმა. არადა, სასამართლო ხელისუფლებისთვის უპირველესი მიღწევა, მისი რეალური დამოუკიდებლობის გამოხატულება სწორედ ისაა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სისტემისავე შიგნით აღიარებული მათი დამსახურების და ჩამოყალიბებული შეხედულებების საფუძველზე.ამიტომ, საბჭოს წევრად ამა თუ იმ კანდიდატის არჩევა ან აურჩევლობა ვერ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ სისტემის გარეთ არსებული, რიგ შემთხვევებში სუბიექტური განწყობების საფუძველზე.

2013 წლიდან მოყოლებული სასამართლო ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა რეფორმების 4 ეტაპი, რომელთა შედეგად სრულად არის უზრუნველყოფილი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება. ჩვენ კვლავაც გახსნილნი ვართ ყველა შესაძლო რეფორმის მიმართ, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ სისტემურ გაუმჯობესებებზე და არა ცალკეული მოსამართლეების დევნაზე. ამასთან, რეფორმის პროცესში სასამართლო უნდა მონაწილეობდეს სრულუფლებიანი, კვალიფიციური პარტნიორის სტატუსით, რომლის აზრიც მოსმენილ და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას და რომელიც დაცული უნდა იყოს უსაფუძვლო თავდასხმებისაგან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მოსამართლეთა XXX კონფერენცია, რომელზეც საბჭოს 2 მოსამართლე წევრი აირჩიეს, რადგან თამარ ონიანმა  და თეა ლეონიძემ საბჭო ვადაზე ადრე დატოვეს.

მოსამართლეთა კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებისა და საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

LB loan image desktop LB loan image mobile