კინო პირველ რიგში და კინოცენტრი, როგორც მისი შექმნის პირობა, უნდა იყოს დამოუკიდებელი - ნუცა ალექსი-მესხიშვილი

პუბლიკა

რეჟისორი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კინო და კინოცენტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი.

„კინო პირველ რიგში და კინოცენტრი, როგორც მისი შექმნის პირობა, უნდა იყოს დამოუკიდებელი. სხვა შემთხვევაში გავიმეორებთ და უკვე ვიმეორებთ რუსეთის მოდელს, დღესდღეობით ყველაზე ჯოჯოხეთური წარსულის – საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყნის. ეს კონტროლის პოლიტიკა გამოიწვევს ახალ წყვეტას ხელოვნებაში, წყვეტას რომელიც 21-ე საუკუნეში შეიძლება ქვეყანამ ვეღარ დაძლიოს“, – ამბობს ნუცა ალექსი-მესხიშვილი „პუბლიკასთან“.

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.