„რეორგანიზაციის“ შემდეგ ჩვენ შეიძლება დაგვრჩეს მოთვინიერებული კინო - გიორგი შველიძე

პუბლიკა

კინოოპერატორი, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების პრიზის მფლობელი გიორგი შველიძე ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აღნიშნავს, რომ „რეორგანიზაციის“ შემდეგ ჩვენ შეიძლება დაგვრჩეს მოთვინიერებული, შეკვეთილი და პროპაგანდისტული კინო.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – თანმიმდევრულს, უკომპრომისოსა და სოლიდარულს. ქართული კინო უნდა იყოს დამოუკიდებელი. მისი ბედი ყოველთვის უნდა გადაწყვიტონ მასში დასაქმებულმა ადამიანებმა, ჩინოვნიკებმა კი პატივი უნდა სცენ მის დამოუკიდებლობას და ხელი შეუწყონ მას  განვითარებაში.

აშკარა გახდა ხელისუფლების მხრიდან ახლა უკვე კინოს დამორჩილების სურვილიც. კინოცენტრის „რეორგანიზაციის“ შემდეგ ჩვენ შეიძლება დაგვრჩეს მოთვინიერებული, შეკვეთილი და პროპაგანდისტული კინო. ქართული კინო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მისი ბედი უნდა გადაწყვიტონ მასში დასაქმებულმა ადამიანებმა, ჩინოვნიკებმა კი პატივი უნდა სცენ მის დამოუკიდებლობას და ხელი შეუწყონ მის  განვითარებას“, – ამბობს „პუბლიკასთან“ კინოოპერატორი.


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.