ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ - EU

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს დღეს „პრაიდ ფესტივალის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

„გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.

ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს. ლისის ტბასთან, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ სამართალდამცველების მიერ გაკეთებულმა მცირე კორდონმა აგრესიულ ჯგუფებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რის შემდეგაც ამ ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორიამდე მიაღწიეს, პრაიდის ორგანიზატორები კი შსს-მ გაიყვანა.