გაშლილი ტერიტორიაა და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს შემოვლითი გზებით შეეღწიათ - დარახველიძე

პუბლიკა

„ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა მოხდეს ვითარების სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე“,– ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ქონდათ უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინათ თავისი მანდატი, თუმცა კარგად ნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების. გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შეეღწიათ, გაერღვიათ პოლიციის კორდონები…

დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსმალური რაოდენობა, რაც შეიძლება, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის, თუმცა მოგეხსენებათ, ყველა აქციაზე შეუძლებელია 100%-იანი უსაფრთხოება იქნას უზრუნვლეყოფილი და მთლიანად იყოს დაცული განსაკუთრებით როცა საუბარია გაშლილი ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკებზე თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით. ხედავთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“, – განაცხადა დარახველიძემ.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.