საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობისთვის 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 06 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი სულხან ჭკადუა ქ. საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, „რუსთავი 2 -ის“ ჟურნალისტ ნათია წითელაურს და „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება, “- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

6 ივლისს ფიზიკური დაპირისპირება იყო საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის წევრები მოსახლეობასთან მართავდნენ შეხვედრას, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.

მედიის კადრებში ჩანს, რომ შეხვედრის მონაწილეებს ქვებს ესროდნენ, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

„მთავრი არხის“ ცნობით, ქვა მოხვდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ია გულიაშვილსაც, დაზიანებულია „მთავარი არხის“ კამერაც. „ფორმულამ“ გაავრცელა ასევე კადრები, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტ გიორგი კვიჟინაძეს ქვები მოხვდა.