„იმედი ვარ“ - ჟურნალისტმა საგარეჯოში შესაძლო თავდასხმისგან თავი ასე დაიცვა

პუბლიკა

„იმედი ვარ“ – ამბობს ჟურნალისტი შესაძლო თავდასხმისგან თავდასაცავად საგარეჯოში, სადაც 6 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაესხნენ თავს. დაპირისპირების დროს ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავდნენ აგრესიას და ხელს უშლიდნენ საქმიანობაში.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტს კაცი უახლოვდება და აგრესიულად ეუბნება, რატომ იღებს ვითარებას, რაზეც ჟურნალისტი პასუხობს, რომ ის ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენელია. ამის შემდეგ კაცი უკან ბრუნდება.

6 ივლისს ფიზიკური დაპირისპირება იყო საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის წევრები მოსახლეობასთან მართავდნენ შეხვედრას, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.

მედიის კადრებში ჩანს, რომ შეხვედრის მონაწილეებს ქვებს ესროდნენ, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

„მთავრი არხის“ ცნობით, ქვა მოხვდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ია გულიაშვილსაც, დაზიანებულია „მთავარი არხის“ კამერაც. „ფორმულამ“ გაავრცელა ასევე კადრები, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტ გიორგი კვიჟინაძეს ქვები მოხვდა.