„ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი სიცოცხლე არის ძალიან მაღალი რისკის ქვეშ“, – ამბობს ნონა კევლიშვილი, რომელიც მთაწმინდაზე, ტვერელის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობასთან ცხოვრობს. ტვერელის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობას წლებია, აპროტესტებს.
კიდევ ერთი მოსახლის, თეკლა გურგენიძის თქმით, აღნიშნულმა პროექტმა არა მარტო დააზიანა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემოგარენი და, ფაქტობრივად, გააქრო ტაძარი მთაწმინდის ხედიდან, არამედ კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო ეკლესიის მახლობლად მცხოვრები ადამიანები. დაიწყო ფერდის ჩამოშლა, დაზიანდა სატრანსპორტო გზა, საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდათ ბზარები. მოსახლეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან შესაბამის დახმარებას ელის.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდაპირველად ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ადგილზე უნდა აშენებულიყო 2-3-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, თუმცა წლების განმავლობაში პროექტმა სახესხვაობა განიცადა და ახლა ადგილზე 7-8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. სწორედ პროექტის მასშტაბების ზრდას უკავშირებენ ისინი შექმნილ პრობლემებს.
აღნიშნული საკითხის შესახებ თბილისის მერმა 2020 წელს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა კომენტარი: „ხაზგასმით ვაცხადებ, რომ არანაირ კორპუსებზე საუბარი არ არის. ეს არის 2-3-სართულიანი ტერასული ტიპის სახლები. არც კოეფიციენტის მატებაა და ყველაზე მთავარი – სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს ყველა პროცესი“.
„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, 2022 წელს თბილისის მერიამ კომპანია თვითნებურად განხორციელებული მშენებლობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.
„სტუდია მონიტორმა“ 2023 წელს კახა კალაძეს მიმართა კითხვით, თუ რატომ მიიღეს მშენებლობის ფარგლებში გადაწყვეტილება დეველოპერის სასარგებლოდ და რატომ არ გაითვალისწინეს მომიჯნავედ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა.
კახა კალაძე საკითხზე მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არანაირი კოეფიციენტის მატება არ მომხდარა“.
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ წლების განმავლობაში მშენებლობის საერთო ფართობი იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კოეფიციენტი არ შეცვლილა. კერძოდ, მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტი თავდაპირველად თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში 2017 წლის სექტემბერში ფიქსირდება და მალევე მოთხოვნილია მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდაც, რაზეც უარყოფის პასუხია გაცემული.
2018 წელს კი, კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შემდეგ, მშენებლობაზე თანხმობა გაიცა. ცვლილებები მშენებლობის მასშტაბებში იხილეთ ფოტოზე.
2018 წლიდან 2023 წლამდე მშენებლობის საერთო ფართობი 5108.76 კვ.მ-დან 6102.65 კვ.მ-მდე, საცხოვრებლის ფართობი 3166.8 კვ.მ-დან 3846.22 კვ.მ-მდე, საზაფხულო ფართობი 904.15 კვ.მ-დან 1194.86 კვ.მ-მდე, ხოლო ავტოსადგომის ფართობი 611.13 კვ.მ-დან 625.65 კვ.მ-მდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე მშენებლობა სწორედ 2023 წლის პარამეტრების შესაბამისად მიმდინარეობს.
სამშენებლო კომპანია MK Developement-ს მშენებლობის ვადები თავდაპირველად 2020 წლის 18 ოქტომბრამდე განესაზღვრა, თუმცა 2023 წელს ვადა 2024 წლის 23 ივლისამდე გაუხანგრძლივდა.