ეს თავდასხმა მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების წინააღმდეგ - SJC

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ იგი ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შესახებ ლეგიტიმური კითხვებიდან ყურადღების გადატანას და დამოუკიდებელი, კრიტიკული მეცნიერების დისკრედიტაციას ემსახურება.

ორგანიზაციის შეფასებით, „ამგვარი კომუნიკაციით ზარალდება მთელი საზოგადოება, რომლის ინტერესი და უფლებაა, გარემოს მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს. ამასთან, ცხადია, რომ ამგვარ დისკრედიტაციის კამპანიას აქვს მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებისთვის“.

„როგორც ჩანს, სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე მეცნიერი ქალის კრიტიკული და გაბედული პოზიციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი ექსპერტების სერიოზული დეფიციტია და ამ სფეროში ექსპერტების დიდი ნაწილი კორპორაციებსა და კერძო კომპანიებს ჰყავთ მოთვინიერებული, ხელისუფლებისთვის პრობლემა და თავის ტკივილი აღმოჩნდა.

დაუშვებელია, როდესაც პირად ცხოვრებას მიკუთვნებულ ინფორმაციას მედია და ხელისუფლება ავრცელებს ფრაგმენტულად, გამოძიების დასრულებამდე და ისეთი პირის მიმართ, რომლის პირადი ცხოვრება არ მიეკუთვნება საჯარო ინტერესის საკითხს.

შემაშფოთებელი იყო ხელისუფლების მცდელობა, მეცნიერის პირადი ცხოვრების საკითხები მისი და მისი ინსტიტუტის მუშაობის სანდოობასთან დაეკავშირებინა. ნიშანდობლივია, რომ პირადი ცხოვრების ინსტრუმენტალიზება სწორედ ქალის პირადი ცხოვრების კონტექსტში მოხდა, რომელიც ქალი საჯარო მოღვაწეების დასუსტებისა და გაჩუმების დისკრიმინაციული პრაქტიკის ნაწილია“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დისკრედიტაციის ამგვარი კამპანია ხელისუფლების არადემოკრატიული კამპანიების ნაწილად იქცა და ამ პრაქტიკას ხელისუფლება ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის თავიდან ასარიდებლად იყენებს.

„ამ შემთხვევაშიც, რაჭაში მომხდარი კატასტროფის განჭვრეტის, მართვის და პრევენციის საკითხებზე  მოქალაქეების ლეგიტიმურ და გონივრულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, მთავრობა დამოუკიდებელი ქალი მეცნიერის გაჩუმებას სრულიად მიუღებელი მეთოდებით ცდილობს. მთავრობა, იმის ნაცვლად, რომ მეცნიერებს და კვლევით ცენტრებს აძლიერებდეს და მათ ცოდნას იყენებდეს კატასტროფების პრევენციისთვის, თავს ესხმის ყველას, ვინც ფაქტების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ დააყენებს;

ეს უკვე ვნახეთ, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თავს უფლება მისცეს, გაეკეთებინათ უმძიმესი განცხადებები მეწყერს გადარჩენილებზეც, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიერ მონათხრობი მოვლენების განვითარების შესახებ ხელისუფლების ნარატივს არ დაემთხვა.

ამგვარ ატმოსფეროში, სადაც საწინააღმდეგო აზრი მტრულად, მიუღებლად ცხადდება და სახელისუფლებო მედიები სიუჟეტებს კრიტიკული ფიგურების პირად ცხოვრებაზე ამზადებენ, რა თქმა უნდა, ადგილი არ რჩება საგნობრივი დისკუსიისთვის მთავარ სოციალურ, უფლებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” თეა გოდოლაძეს სოლიდარობას უცხადებს და  მიიჩნევს, რომ შოვის ტრაგედიის შემზარავი შედეგები და ადამიანური მსხვერპლი „გვავალდებულებს, დავსვათ კრიტიკული შეკითხვები და საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ მომხდარი რელევანტური სამართლებრივი და საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით“.