შავი კამპანიის მიზანი პროფესიონალის გაჩუმება და რეპუტაციის შელახვაა - „საფარი“ თეა გოდოლაძეზე

პუბლიკა

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ ეხმაურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის პირადის ცხოვრების შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აგორებული შავი კამპანიის მიზანია პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი გაჩუმების მცდელობა.

„თეა გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია “საფარი” უკვე ერთ წელზე მეტია იცავს. ის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.

შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ. აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე. ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი მედიასა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან“, – აცხადებს „საფარი“.

ამავე საკითხს გამოეხმაურა თეა გოდოლაძეც. აღნიშნა, რომ ხელისუფლება მის გაჩუმმებას ცდილობს, რათა აღარ ილაპარაკოს შოვში მომხდარ ტრაგედიაზე.

„ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფრი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებელობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემ განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!“, – აცხადებს თეა გოდოლაძე.