საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საქართველოში სიღარიბის და განსაკუთრებით, ბავშვთა სიღარიბის კუთხით მძიმე ვითარებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობაა. მისი თქმით, პრობლემის აღმოფხვრის პოლიტიკური ნება და ერთიანი სტრატეგია არ არსებობს.
ვაშაძე ამბობს, რომ სიღარიბის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ოჯახების გაძლიერების მიმართულება, რადგან ცალკე აღებული ბავშვი ოჯახისგან მოწყვეტით არ უნდა განიხილებოდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახების გაძლიერების მიმართულება და ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ; ბევრ საკითხზე ვფიქრობთ, რადგან პრობლემის აღმოფხვრის ერთიანი სტრატეგია არ არსებობს. პირველი, რაც უნდა დავაკმაყოფილოთ და მოვაგვაროთ, არის, რა გარემოში და რა ბუნებრივ მდგომარეობაში იზრდება ბავშვი ყოველდღიურად.
რა უშველის ოჯახს? თუ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ იქნება და ადამიანებს ღირსეულ ანაზღაურებას არ შესთავაზებენ, ისე არაფერი გამოვა. 300-ლარიან სამსახურს სამუშაოს ნუ დავარქმევთ, დღეს 300 ლარი ადამიანს მხოლოდ გზაში არ ეყოფა, არათუ საკვებში. დღევანდელი ინფლაციის პირობებში 500 ლარიც არაფერია.
ამიტომ საჭიროა ინვესტიციების შემოდინება და სამუშაო ადგილების შექმნა. მნიშვნელოვანია, მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილები და კონკურენტული გარემო შეიქმნას. ოჯახში აუცილებლად ორივე მშობელი უნდა მუშაობდეს და, მინიმუმ, 1 500 ლარი უნდა ჰქონდეთ ხელფასი. ჯამში, მინიმუმ, 3 000 ლარი უნდა იყოს ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, რომ ბავშვი ნორმალურ გარემოში იზრდებოდეს.
როდესაც ევროკავშირზე ვსაუბრობთ, ზუსტად ეს არის ევროკავშირი – ძლიერი ოჯახი, კარგი განათლების სისტემა, მშობლები უზრუნველყოფილი საჭიროებებით, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები, სოფლები განვითარებული. თუ ეს ყველაფერი ქვეყანაში მაღალ დონეზეა, მაქსიმალურად იქნება შემცირებული სიღარიბის მაჩვენებლები და ბავშვებს შიმშილი აღარ მოუწევთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძის თქმით, გარდა ოჯახების დახმარებისა და გაძლიერებისა, საჭიროა უშუალოდ ბავშვებისთვის სერვისის შეთავაზება, უფასო სასკოლო კვების სახით. მისივე შეფასებით, ეს ინიციატივა საერთო ეროვნული საკითხი უნდა გახდეს.
„ხშირად საუბრობს პრემიერ-მინისტრი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ვისთვის გაიზარდა ეკონომიკა? თუ 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, მაშინ რატომ არის ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში? რატომ ცხოვრობს ამდენი ოჯახი და ბავშვი სიღარიბეში? რატომ შიმშილობენ ბავშვები? რატომ არის ამდენი სოციალურად დაუცველი, რომელთა რაოდენობაც იზრდება? გვეუბნებიან, რომ დოვლათი გაიზარდა, მაგრამ ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
თუ ბავშვს შია, ის ნორმალურად ვერ განვითარდება. წარმოიდგინეთ, ბავშვი მიდის სკოლაში და მთელი დღე არის მშიერი. საღამოს როცა მოდის სახლში, ძირითადად, უწევს პურის ან ისეთი საკვების მიღება, რომელიც იწვევს მის არასწორ განვითარებას.
მე ვფიქრობ, რომ ინიციატივა, რაც არის სასკოლო კვებასთან დაკავშირებით, საერთო ეროვნული საკითხი უნდა გახდეს. ბევრი ამბობს, რომ აი, რამდენი რამე უნდა დააფინანსოს ბიუჯეტმა. ჩემი აზრით, ბიუჯეტს აქვს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ეს არის: განათლება, ბავშვებისა და ახალი თაობის ნორმალური აღზრდა და ასე შემდეგ. ცოდნას და განათლებას მშიერი ბავშვი ვერ მიიღებს და ვერ განვითარდება“, – ამბობს ვაშაძე.
ვაშაძე აღნიშნავს, რომ ბავშვთა საჭიროებებზე როდესაც ვსაუბრობთ, კულტურული და სპორტული ცხოვრებაც მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების კულტურული ცხოვრებაც. მარტივ მაგალითს გეტყვით, როდესაც ქუთაისში იყო პარლამენტი, მთელი იმერეთის ბავშვები ავტობუსებით მოგვყავდა და ელემენტარულად პარლამენტს ვათვალიერებინებდით, ვაცნობდით შიდა სიტუაციას და ასე შემდეგ. საოცარი ენთუზიაზმი იყო და დღეს რომ ვიხედები, ზოგი სად არის დასაქმებული, ზოგი სად. თვალსაწიერი გაიფართოვეს და კულტურას და სპორტს ზუსტად ეს მნიშვნელობა აქვს. ეს უნდა იყოს სასკოლო ცხოვრების შინაარსი.
მაგალითად, რეგიონებში გვაქვს თეატრები, რომლებიც ცარიელია და ფინანსდება ბიუჯეტიდან. რისთვის ფინანსდება? ბავშვები მაინც მიიყვანონ. თუ შენ რაღაცა წამახალისებელს გააკეთებ, ვაუჩერული სისტემა იქნება ეს თუ რამე სხვა, დამიჯერეთ კინოთეატრებიც გაიხსნება რეგიონებში და ძალიან ბევრი მაყურებელიც იქნება.
დააფინანსე, გააკეთე ისე, რომ ყველა ბავშვს შეეძლოს მისვლა. თბილისშიც ფინანსდება რამდენიმე სახელმწიფო თეატრი, არის თოჯინების თეატრიც და ხომ შეიძლება ჩაუდონ ეს კომპონენტი და სავალდებულო იყოს წელიწადში რამდენჯერმე ბავშვების მიყვანა თეატრში და საბავშვო სპექტაკლების დადგმა“, – ამბობს ვაშაძე.