სიღარიბიდან ამოყვანა | ქართული უსისტემობის კრიტიკა

საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს (37.7%). ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 19.6%-ია [ყოველი მეხუთე] – ასეთია ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით.

ამ მონაცემებზე უფრო დეტალურად „პუბლიკა“ წინა სტატიაში წერდა, ამ ჯერზე კი გვინდა, საუბარი დავიწყოთ სისტემურ პრობლემებზე, სიღარიბის მიზეზებსა და გამოსავალზე.

საკითხი, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა – გვერდს ვერ ავუვლით ქვეყანაში არსებული სოციალური დახმარების სისტემის შეფასებას, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს და რა ხარვეზები აქვს, ვის ხედავს და ვის ვერ ხედავს ის. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ სისტემა უფრო ეფექტიანი და ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებული იყოს.

მეორე ნაწილში შევეცდებით, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ხედვა მოსახლეობის სიღარიბიდან არა მხოლოდ ამოსაყვანად, არამედ დასაცავად.

„საარსებო შემწეობის პროგრამა სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს და წლიდან-წლამდე კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიცავს. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ხოლო მოსახლეობის ნაწილი – საარსებო შემწეობის პროგრამის შინაარსითა და ადმინისტრირებით უკმაყოფილო“, – ეს ამონარიდი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევიდან ცხადყოფს, რომ სოციალური შემწეობა ოჯახებისთვის მეტ-ნაკლებად გადაუდებელი დახმარების ფუნქციას ასრულებს, ხოლო ოჯახების გაძლიერების მიმართულება კვლავ გამოწვევად რჩება.

ორგანიზაცია, რომელმაც სოციალური დაცვის სისტემა შეისწავლა, მოსახლეობის სოციალური საჭიროებების სიღრმისეულ კვლევაზე დაყრდნობით, სისტემური ხედვისა და სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.

რას ამბობს რიცხვები ბავშვთა სიღარიბეზე

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 230 865 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ასეთია სოციალური მომსახურების სააგენტოს ივნისის ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი ამ ასაკის ბავშვების 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

აღსანიშნავია, რომ 200-ლარიანი დახმარების გარდა, რომელიც, ივნისის მონაცემებით, 230 865 ბავშვზე გაიცა, ქვეყანაში სოციალურ დახმარებას 660 265 ადამიანი იღებს. მათგან 186 256 საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.

Unicef-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 19.6%-ია [ყოველი მეხუთე]. (სიღარიბის ეს დონე დათვლილია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ HIES მეთოდოლოგიისა და 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემების გამოყენებით).

ამას გარდა, „ბავშვის უფლებების დამცველებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და განმახორციელებლებს შორის სულ უფრო მზარდი კონსენსუსია იმაზე, რომ, მიუხედავად დიდი მნიშვნელობისა, სიღარიბის მონეტარული საზომები არ არის საკმარისი იმ დანაკლისის მრავალგანზომილებიანი ხასიათის სრულად გასაგებად, რაც ბავშვებს აქვთ და რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს მათ განვითარებასა და ცხოვრების სამომავლო შანსებზე“, – ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში.

„საქართველოს ბავშვის დანაკლისის ინდექსი“ 16 საჭიროებისგან შედგება. მიიჩნევა, რომ ბავშვს აქვს დანაკლისი, თუ ფინანსური პრობლემების გამო ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის უზრუნველყოფას 16-დან, სულ მცირე, 3 საჭიროებით.

აღნიშნული მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ბავშვების 37.8%-ს 16 საჭიროებიდან სამის ან მეტის დანაკლისი აქვს. დანაკლისის დონე საგრძნობლად მაღალია სოფლად (47.1%), ვიდრე ქალაქში (31.2%).

Unicef-ის კვლევა ასევე მოიცავს შემდეგ მონაცემებს – მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, რადგან, სავარაუდოდ, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ზემოთ იმყოფებიან.

Unicef ქვეყანაში ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნივერსალური მიდგომის მოდელზე ამახვილებს ყურადღებას. უნივერსალური მიდგომა კი გულისხმობს ისეთი სოციალურ-ეკონომიკური მოდელის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება ყველაზე და არა მხოლოდ გამონაკლისებზე. უნივერსალიზმი – ეს არის მოდელი, რომელიც ეხმარება ქვეყანას, გამოვიდეს სიღარიბიდან.

ბავშვების უნივერსალური ბენეფიტით უზრუნველყოფის მიზანია, ნაწილობრივ აუნაზღაუროს ოჯახებს ბავშვის აღზრდისთვის საჭირო დამატებითი ხარჯი, ხელი შეუწყოს დემოგრაფიულ ზრდას და შეამციროს ბავშვთა სიღარიბის რისკი.

რა ხარვეზები არსებობს სოციალური შემწეობის სისტემაში?

საქართველოში მიზნობრივი სოციალური შემწეობის მექანიზმი 2006 წლიდან ამოქმედდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის რეგულარულ ფულად დახმარებას ითვალისწინებს.

შრომის საერთაშორისო და გაეროს ქალთა ორგანიზაციების 2020 წლის კვლევით, საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტად პრობლემურად საარსებო შემწეობის სისტემა მიიჩნევა, რაც პროგრამის შინაარსითა და ოჯახის კეთილდღეობის ირიბი შეფასების მეთოდოლოგიითაა გამოწვეული.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევარი, მარიამ ჯანიაშვილი, „პუბლიკასთან“ სოციალური შემწეობის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დიდი ნაწილი იღებს შემწეობას, კიდევ ბევრი რჩება სისტემის მიღმა, რადგან სისტემა არ მოიცავს და ვერ ხედავს ცალკეულ ჯგუფებს, რომელთათვისაც სხვადასხვა სერვისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი მიზეზი კი, მისი თქმით, შინამეურნეობის ირიბი შეფასების სისტემაა, რომელიც არ არის იმდენად დახვეწილი, რომ უზრუნველყოს შემწეობის ზუსტად მიმართვა იმ ფენისკენ, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება.

„ბავშვების საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ჩართული სოციალური შემწეობის სისტემაში, თუმცა კიდევ ბევრი რჩება ამ სისტემის მიღმა. რეალურად, ქვეყანაში კიდევ გვყავს 100 000-ზე მეტი ბავშვი, რომელიც ვერ იღებს სოციალურ შემწეობას.

ახლანდელი მეთოდოლოგია უყურებს კომუნალურ გადასახადებს, რამდენი გადაიხადა ოჯახმა ბოლო 12 თვის განმავლობაში, სანამ შეფასდებოდა; უყურებს, რამდენ ოთახში ცხოვრობს ესა თუ ის ოჯახი, რა აქვს საკუთრებაში (მიწის ნაკვეთი, პირუტყვი თუ სხვა); არის თუ არა ოჯახში შშმ პირი და ასე შემდეგ, თუმცა ამ მეთოდოლოგიაშიც არის პრობლემები, რაზეც არაერთხელ ყოფილა მითითებული თუნდაც იმ ადამიანებისგან, ვინც იღებს ან ვერ იღებს სოციალურ შემწეობას.

მაგალითად, ბევრს უთქვამს, რომ სესხი აუღია იმისთვის, რომ კომუნალური გადასახადები გადაეხადა და ბავშვები სიცივეში არ ყოფილიყვნენ. ასევე, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებნი იმასაც ამბობენ, რომ, როდესაც იციან ქულების გადამოწმება უწევთ, სპეციალურად ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები დაწვან, იყვნენ სიცივეში, მათ შორის ბავშვებთან ერთად, იმის გამო, რომ მაღალი გადასახადი არ მოუვიდეთ და ამან ქულაზე გავლენა არ იქონიოს…

დაკვირვება და კონკრეტული მაგალითები უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ალგორითმი ყველაფერს ვერ ხედავს და გარკვეულ ოჯახებს მაღალი ქულები მისდით, რის გამოც ვერ იღებენ სოციალურ შემწეობას. სოციალური შემწეობის სისტემა ნაკლებად არის ხელმისაწვდომი, ასევე, ცალკეული ჯგუფების წარმომადგენელთათვის. იგივე ქუჩაში მცხოვრები პირები, უსახლკაროები არ არიან უფლებამოსილები, ბაზაში დარეგისტრირდნენ და მიიღონ სოციალური შემწეობა; შესაძლებელია, ამ ადამიანთა შორის იყვნენ ბავშვებიც“, – ამბობს ჯანიაშვილი.

ჯანიაშვილი ამბობს იმასაც, რომ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, სხვადასხვა მიზეზით, არ მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს შეფასებისა და შესაბამისი ქულის მინიჭებისათვის.

„პრობლემაა ისიც, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების 33% არ მიმართავს სახელმწიფოს, რომ შეაფასონ და შესაბამისი ქულა მიენიჭოთ. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ სისტემას არ ენდობიან და იმედი არ აქვთ, რომ რაღაც შეიცვლება. ამასთანავე, ინფორმაცია არ აქვთ სერვისების შესახებ.

საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, მიუმართაობა, მეორე მხრივ, ალგორითმის შეცდომები და სისტემის მიერ ამ ბავშვების საჭიროებების ნაკლებად დანახვა იწვევს იმას, რომ ბევრი ოჯახი და ბავშვი, ვისაც საჭიროება აქვს, სისტემის მიღმა რჩება და შემწეობას ვერ იღებს“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

„გვჭირდება სოციალური დაცვის სისტემის ძირეული გარდაქმნა“

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ ბავშვთა სიღარიბეზე, ვერ ვისაუბრებთ ბავშვზე მისი ოჯახიდან და სოციალური გარემოდან მოწყვეტის კონტექსტში. როდესაც ამ საკითხებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მშობლის მინიმალურ ხელფასზე, შრომით პირობებზე, დასაქმების პოლიტიკაზე და ასე შემდეგ, ამიტომ გვჭირდება სოციალური დაცვის სისტემის ძირეული გარდაქმნა, თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები შედარებით ნორმალურად ცხოვრობდნენ და ეს პოლიტიკა მარტო ბავშვისკენ ვერ იქნება მიმართული; ეს უნდა იყოს ოჯახებსა და მათ გაძლიერებაზე ორიენტირებული“, – ამბობს „პუბლიკასთან“ მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენელი, ვახტანგ ნაცვლიშვილი.

მასთან საუბრით, მცდელობაა დისკუსიის გახსნისა, რა უნდა იყოს ის ნაბიჯები, რისი გადადგმაც სახელმწიფოს მოკლევადიან პერსპექტივაში ხელეწიფება და რაზე უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფოს გრძელვადიანი ხედვა.

„ბავშვთა კეთილდღეობას ჩვენ უნდა შევეხოთ ბავშვებით, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო ბავშვებით… აი, იმ სოციალური კონტექსტით, რომელშიც ისინი არიან – ოჯახებით, მშობლებით, სკოლითა და სხვა. აბსტრაქტულად ის, რომ მოდი, გავზარდოთ დახმარება და გახდეს 200 ლარი, (რომელიც არც ვიცით, როგორ მიდის ბავშვამდე) გამოსავალი არაა.

გამოსავალი არის სახელმწიფო სერვისების შეთავაზებასა და კეთილდღეობის სისტემის ამოყირავებაში. იმდენად საბაზისო საჭიროებებს ვერ პასუხობს სისტემა… ჩვენ მხოლოდ ერთი შრე გვაქვს სოციალური დახმარების სისტემის, ეს არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარება, მაგრამ არ გვაქვს სოციალური დახმარების მეორე და ფუნდამენტური შრე – უმუშევრობის დახმარება ან უმუშევრობის დაზღვევა.

სოციალური დახმარების სისტემა, ზოგადად, არის ორშრიანი – ერთია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვინც არის, იმას როგორ უჭერ მხარს და მეორეა, ადამიანი რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ მოხვდეს, ამისთვის რას აკეთებ. აქ არის უმუშევრობის დახმარება ან შემწეობა… ბოლო 10 წელიწადში 60%-ით გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, თუ პრევენციაზე არ იქნება მუშაობა, როგორ არ მოხვდნენ ადამიანები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და მერე სახელმწიფოს დასახმარებელი არ გახდნენ“, – ამბობს ვახტანგ  ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება მოკლევადიან გზებს, ნაცვლიშვილი უფასო სასკოლო კვების მნიშვნელობაზე საუბრობს და იმ საკითხებს გამოყოფს, რომელთა გამოც უფასო სასკოლო კვებას სოციალური დაცვის სისტემის ფუნდამენტად მიიჩნევს.

„საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ამბობს, რომ ბავშვების დახმარების ისეთი ფორმა, როგორიც საქართველოში არსებობს, – ვგულისხმობ მონეტარულ მხარდაჭერას, – არ მუშაობს ისე, როგორც სერვისების შეთავაზება უშუალოდ ბავშვებისთვის.

აუცილებელია უფასო სასკოლო კვება. ეს არის ერთგვარი ფუნდამენტი სოციალური დაცვის სისტემის, რომ ბავშვს ჰქონდეს საკვები სკოლაში იმისათვის, რომ ისწავლოს და განვითარდეს. უფასო კვებაში იგულისხმება უნივერსალური, ყველა მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო კვება, სახელმწიფოს დაფინანსებით.

10 404 ბავშვია დღეს, რომელიც სკოლაში არ დადის. კვლევები ადასტურებს, რომ უფასო სასკოლო კვება აუმჯობესებს მოსწავლეების, განსაკუთრებით, ყველაზე შეჭირვებული მოსწავლეების განათლების ხარისხს, ზრდის მოსწავლეთა სკოლაში დასწრების მაჩვენებელს და ამცირებს სკოლის მიტოვების შემთხვევებს, ამცირებს ბულინგს, ურთიერთჩაგვრას, ხელს უწყობს სოციალიზაციას…

უნივერსალურად ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს ეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან მცირე იყოს იმ ბავშვების რაოდენობა, ვისაც არ სჭირდება. სხვა შემთხვევაში ვერ მოვიცავთ იმ ბავშვებს, რომლებიც ბაზაში რეგისტრირებულები არიან, მაგრამ ვერ იღებენ სოციალურ შემწეობას; ასევე, ვერ მოვიცავთ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც იმედი არ აქვთ, რომ დაენიშნებათ სოციალური შემწეობა“, – ამბობს ვახტანგ ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ბავშვთა საჭიროებებზე როდესაც ვსაუბრობთ, კულტურული ცხოვრება ასევე არ უნდა დავაყენოთ უკანა პლანზე.

„რეალურად, ამის გადაწყვეტა უფრო მარტივია. არსებობს მოზარდამაყურებელთა თეატრი, თოჯინების თეატრი და ასე შემდეგ, თუმცა საბავშვო სპექტაკლები არ არსებობს და ამას ემატება თეატრებზე ხელმიუწვდომლობა. როცა სოციალურ და მატერიალურ დანაკლისზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონებში კიდევ უფრო რთული ვითარებაა. სოფლად მცხოვრები ბავშვების ნახევარი ცხოვრობს ამ დანაკლისით. ხომ შესაძლებელია, იყოს დაფინანსება და წელიწადში ორი სპექტაკლის დადგმა იქნება სავალდებულო, სკოლის მოსწავლეები კი სპეციალური ვაუჩერებით უნდა დადიოდნენ ამ ორ სპექტაკლზე. ეს რატომ არის რთული? რამდენიმე ქალაქში არის თოჯინების თეატრი და ამ თეატრებს რეგულარული, გარანტირებული მაყურებელი ეყოლებოდა, დაფინანსებისა და ვაუჩერული სისტემის არსებობის შემთხვევაში“, – ამბობს ის.

პოლიტიკა გეგმის გარეშე

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ორგანიზაციები, აქტივისტური წრეები, სოციალურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები სისტემური მიდგომის დამკვიდრების აუცილებლობაზე საუბრობენ.

სწორედ ამას ვკითხულობთ კვლევაში, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მოამზადა. მათი თქმით, რიგი პროგრამული გაუმჯობესებისა, მნიშვნელოვანია, გადაიდგას ნაბიჯები სოციალური დაცვის სისტემის ძირეული რეფორმისთვის.

როგორც კვლევის რეკომენდაციებში ვკითხულობთ, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის უფლების გარანტირების მიზნით, აუცილებელია, სისტემური ხედვისა და სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება, რომელშიც დეტალურად გაიწერება ამ სფეროში სახელმწიფო უწყებების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში.

„მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში მოცული იყოს ისეთი საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად:

  • სოციალური დაცვის სერვისების გაცემაზე პასუხისმგებელი სუბიექტები და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე უფლებამოსილების ჯეროვანი გამიჯვნა;
  • სახელმწიფოს პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა ბენეფიტების ამჟამად არსებული ფრაგმენტული სისტემის რეფორმირებისა და მიზნობრივიდან უნივერსალურ სოციალურ დაცვაზე გადასვლის შესახებ;
  • სახელმწიფოს ხედვა სოციალურ გასაცემლებზე ბენეფიციარების დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით;
  • სახელმწიფოს ხედვა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოწყვლადი ჯგუფების სათანადო სოციალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კვლევაში.

ვახტანგ ნაცვლიშვილის შეფასებით, ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სწორად დაინახოს თავისი როლი – არა მხოლოდ სამართლიანი გამნაწილებლის, არამედ, როგორც განვითარების პლატფორმის.

„უშუალოდ სიღარიბეს რაც შეეხება, ჩვენ არანაირი გეგმა არ გვაქვს და არც მოგვისმენია. თუ დავაკვირდებით პოლიტიკურ დისკურსს, როგორ წარმოუდგენიათ მათ სიღარიბის აღმოფხვრა, ვხვდებით ისევ კარგად დაღეჭილ პრინციპებს. ეს ისევ არის ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება, რაც ხანდახან კი არ აუმჯობესებს, არამედ აუარესებს კიდეც კონკრეტულ პირთა მდგომარეობას.

ვნახეთ, რომ რუსეთიდან გაზრდილი მიგრაციის ხარჯზე გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ ახლა ეს თქვენ ჰკითხეთ სტუდენტს, როგორ აისახა მასზე? გაუძვირდა ბინის გადასახადი, რომელიც უნდა იქირაოს და არ მოემატა ხელფასი იმ სუპერმარკეტში, სადაც მუშაობს…

სიღარიბე არ აღმოიფხვრება თავისთავად, ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად. ამ პრობლემის აღმოფხვრას სჭირდება სახელმწიფოს აქტიური როლი, რომელშიც სახელმწიფო თავს დაინახავს არა მხოლოდ სამართლიან გამნაწილებლად, არამედ, როგორც განვითარების პლატფორმას. თვითონ შექმნის სამუშაო ადგილს, პრიორიტეტს მიანიჭებს ისეთი სექტორების მხარდაჭერას, რომლებიც მაღალი ზრდით ხასიათდება, მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს ქმნის და ასე შემდეგ“, – ამბობს ნაცვლიშვილი.