„ქართული ოცნების“ ახალი კანონპროექტით, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, სასამართლოს სხდომების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.
ცვლილებების შედეგად, იზღუდება მათ შორის სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება.
პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს.
რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერას – ინიციირებული ვერსიით, დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. თუმცა დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაირკვა, რომ შემოთავაზებული ნორმაც შეიცვალა და მოსამართლის ნაცვლად, სასამართლო პროცესების ფოტო/ ვიდეოგადაღებაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს.
ინიცირებული პროექტით, უქმდება მუხლი, რომლის თანახმადაც დაუშვებელი იყო სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, და სხვა აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.
წარსულში, 2007 წელის ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სასამართლოებში ფოტო და ვიდეოგადაღება ჟურნალისტებისთვის აიკრძალა.
უფრო მეტიც, კანონმდებლობა 2012 წლის ივნისში კიდევ უფრო გამკაცრდა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალა სასამართლოს შენობაში ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანაც.
მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებში, 2013 წლის მარტში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე უკვე მოსამართლის თანხმობით შესაძლებელი გახდა სასამართლო სხდომების ფოტო და ვიდეოგადაღება.
გასული წლების განმავლობაში, სასამართლო პროცესების გადაღების შესახებ მარეგულირებელი კანონი რამდენჯერმე შეიცვალა.
კანონის თავდაპირველი (1997 წლის) რედაქციით სასამართლო სხდომის ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღების აკრძალვა დაიშვებოდა მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.
2005 წლის ნოემბერში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება მოტივირებული გადაწყვეტილებით განესაზღვრა სასამართლო სხდომაზე გადაღების/ ტელევიზიით ტრანსლაციის წესი და დაედგინა ამ უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობა.
თუმცა, 2007 წლის ივლისიდან კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, სასამართლოში (შენობასა და ეზოში) ნებისმიერი სახის ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა დაუშვებლად გამოცხადდა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს უფლებამოსილი პირი.
სასამართლოს შეეძლო გაევრცელებინა თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.
სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დასაშვები იყო სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეზღუდულიყო სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით.
კანონმდებლობა 2012 წლის ივნისში კიდევ უფრო გამკაცრდა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალა სასამართლოს შენობაში ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანაც. მაშინდელი ხელისუფლების განმარტებით, ამ აკრძალვის საფუძვლად მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხე დასახელდა.
დარგის სპეციალისტების შეფასებით, კანონმდებლებს აკრძალვის შემოღებისკენ მაშინდელ ხელისუფლებას სანდრო გირგვლიანის საქმის გახმაურებულმა პროცესმა უბიძგა, ვინაიდან პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემა ხელისუფლებისთვის არასასურველი იყო.
მაშინდელმა ოპოზიციამ ცვლილებების პროექტი „ცენზურის დაწესების მცდელობად“ შეაფასა. ცვლილებებს აკრიტიკებდა მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც და ამბობდა, რომ „ამ აკრძალვის დაწესება არასწორია იმ ქვეყნისთვის, სადაც სასამართლო სისტემა გარდამავალ პერიოდში იმყოფება და რეფორმები მიმდინარეობს.“
უფრო მეტიც, ცვლილება კრიტიკულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის 2007 წლის ანგარიშში:
„სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს კონცეფცია ეფუძნება პროცესის მონაწილის რწმენას, რომ მისი საქმის საჯაროდ, მედიის თანდასწრებით განხილვის შემთხვევაში იგი დაცული იქნება მოსამართლის მხრიდან თვითნებობისაგან. ამგვარი გარანტია რეალურია ისეთ გარემოში, როდესაც დამოუკიდებელი მედიის კამერები აფიქსირებენ მოსამართლის და მხარეების თითოეულ ქმედებას და ასრულებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის ფუნქციას. სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ნაკლები გარანტია არსებობს იმ დროს, როცა კამერა წარმოადგენს მოსამართლის კონტროლის ობიექტს და შეუძლებელია თავად მოსამართლის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ფიქსაცია…“,- ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2007 წლის ანგარიშში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებში, 2013 წლის მარტში, სასამართლო სხდომების მასობრივი საშუალებებით გაშუქება კვლავ ნებადართული გახდა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების მიხედვით, სასამართლო დარბაზში სხდომის გადაღებისა და აუდიოჩაწერის ვალდებულება თავად სასამართლოს მიენიჭა.
ამასთან, სასამართლო ვალდებული გახდა ჩანაწერი მოთხოვნისთანავე გადასცეს მხარეებს და დაინტერესებულ მედიას. ეს არ შეეხება შემთხვევას, თუ სასამართლო პროცესი დახურულია.
თუ სასამართლო პროცესი ღიაა, მაშინ მისი შეუზღუდავი გადაღებისა და ტრანსლირების უფლება მიეცა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და ის ვალდებულია ჩანაწერი სხვა მედიასაშუალებებს გაუზიაროს.
აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, თუ მაუწყებელი რომელიმე სხდომას არ იღებს, ამის გაკეთება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია, ამისთვის კი სასამართლოს დასაბუთებული მოთხოვნა უნდა წარუდგინონ. ეს უფლება შეიძლება მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიზღუდოს.
პროცესის ჩაწერა და ტრანსლირება სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან გახდა შესაძლებელი, ამასთან, ნებადართული გახდა ჩაწერა და გადაღება სასამართლოს დერეფნებსა და ეზოში.
კანონპროექტის თანაავტორი მაშინდელი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იყო.
იმავე წლის თებერვალში, სასამართლო დარბაზების ვიდეოკამერებით აღსაჭურვად ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტის გამოყოფა დაიგეგმა.
როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით, საქართველოში სასამართლოში ფოტო-ვიდეო და აუდიოჩაწერის აკრძალვამ წლების განმავლობაში ამ ორგანოს მიმართ „ტოტალური უნდობლობა გამოიწვია.“
12 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც სასამართლოს სხდომების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.
ინიციირებული კანონპროექტში მედიასთან დაკავშირებული მუხლი პირობითად სამი ნაწილისგან შედგება და ითვალისწინებს შემდეგს:
1 – სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.
2 – სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.
3 – ინიციირებული ვერსიით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. თუმცა დრეს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლის ნაცვლად, სასამართლო პროცესების ფოტო/ ვიდეოგადაღებაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ქართული ოცნებას“ მოუწოდებს, სასამართლოებზე ცვლილებები დაჩქარებული წესით არ განიხილოს.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მითითებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა, მასში სრულფასოვანი ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ინიციირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს.
„სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013 წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას თანდართულ პროექტებთან ერთად. პაკეტს დაჩქარებულად განიხილავენ და საბოლოოდ ხვალ, 25 ივნისს მიიღებენ.