სოციალური პროგრამების გაუქმება და $100 ყველა მოქალაქეს - რაქვიაშვილის ხედვა ბავშვთა სიღარიბეზე

პუბლიკა

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებსეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

პუბლიკა დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

პარტია „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ბავშვთა სიღარიბის კუთხით საქართველოში ძალიან რთული ვითარებაა. მისი თქმით, სიღარიბეში მცხოვრები ოჯახებისთვის მხოლოდ ფულადი დახმარება არ არის საკმარისი და აუცილებელია კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნა.

მისი თქმით, ყველა მთავრობის ქმედებები მიმართული იყო არა სიღარიბის აღმოფხვრისკენ, არამედ პრობლემად დარჩენისკენ, რადგან „ღარიბი ადამიანის მართვა მარტივია“.

„სოციალური დახმარება ეს არამხოლოდ სოციალური დახმარებაა ჩვენს ქვეყანაში, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტია, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხელოვნურად გაზრდილი რაოდენობაა ადამიანების/ოჯახების, რომ შემდეგ მარტივად იქონიონ მათზე გავლენა.

ბავშვების პრობლემა არის იზოლირებული. ბავშვს მშობელი ყველაზე ბოლო ეტაპზე დააკლებს რამეს ხომ? ესე იგი, თუ ბავშვს აკლია საკვები, ტანსაცმელი თუ რამე სხვა, ეს ნიშნავს, რომ მშობლები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და ამ მხრივ, ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა.

ავიღოთ სოციალური დახმარების ნაწილი. ფულს რომ აძლევ ადამიანს, ეს ხომ არ არის გამოსავალი. რა თქმა უნდა, ადამიანს, როცა ფული სჭირდება, უნდა დაეხმარო, მაგრამ თუ ზოგადად ფიქრობ, რომ ის აღარ უნდა იყოს ღარიბი, უნდა შექმნა გარემო, რომ მშობელმა სამსახური იპოვოს, იმუშაოს და ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს. არცერთ მთავრობას არ მოსვლია აზრად, რომ თვითონ სისტემა შეცვალოს და სხვანაირი მიდგომა ჰქონდეს“, ამბობს რაქვიაშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბავშვები ოჯახებისგან განცალკევებულად არ უნდა აღიქმებოდნენ, ამიტომ საჭიროა ოჯახების გაძლიერება და სისტემის მათზე ორიენტირება. მისივე თქმით, ეკონომიკურად ძლიერი ოჯახის შემთხვევაში, ბავშვიც ყველა საჭიროებით იქნება უზრუნველყოფილი.

ის უნივერსალური საბაზისო შემოსავლის სისტემის დანერგვაზე საუბრობს, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, მთავრობისგან ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას იღებს.

„მაგალითად, გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთი მექანიზმი რომ მოიგონო, რაც ინფლაციას შეამცირებს, ამაზე უკეთესი არაფერი იქნება იმიტომ, რომ იმაზე დიდი წვლილი, რაც ინფლაციას აქვს სიღარიბეში, სხვას არაფერს აქვს. თუმცა ამას არ ექნება მოკლევადიანი ეფექტი, ხვალ ამით ვერავის ვერ დაეხმარები. შესაძლებელია შეიქმნას გარკვეული პროგრამები, შესთავაზო სერვისები, მაგრამ, თუ ადამიანს საჭმლის ფული არ აქვს და თანხა სჭირდება, მაშინ პირდაპირ ფული უნდა მისცე. უბრალოდ, საკითხი დადის იქამდე, როგორ გააკეთო ეს მაქსიმალურად ოპტიმალურად.

ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე მარტივი რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ გაუქმდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, საპენსიო პროგრამა, სოციალური დახმარებისა და განათლების პროგრამა და ყველა სხვა სოციალური მომსახურება ქმედუნარიანი მოქალაქეებისათვის და ეს ხარჯი ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე გავუნაწილოთ მთელ მოსახლეობას თანაბრად. ეს, ყველაზე მეტი, შეიძლება დაჯდეს დაახლოებით 13 მილიარდი ლარი.

სინამდვილეში, ჩვენი გადასახადების დაახლოებით 40% რომ ავიღოთ საკმარისი იქნება, რომ ყველა მოქალაქეს მთავრობამ თვეში 100 დოლარი გადაუხადოს. არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქე დასაქმებული იქნება თუ არა.  მაგალითად, რომ ავიღოთ 4-სულიანი ოჯახი, გამოდის, რომ თვეში დაახლოებით 400 დოლარის შემოსავალი ექნება. ყოველ თვეში იღებ 100 დოლარს, რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც იღებ და თუ დაიწყებ მუშაობას, დაემატება სამუშაოს ანაზღაურება“, – ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ ის თანხა, რაც ბიუჯეტში დარჩება, სხვადასხვა სფეროზე გადანაწილდება.

„დარჩენილი თანხა სტანდარტულად, ბიუჯეტში გაწერილი წესრიგის მიხედვით გადანაწილდება თავდაცვაზე, პოლიციაზე, საგარეო ურთიერთობებზე და იმ ჯანდაცვისა თუ სხვა კრიტიკული ფუნქციების შესასრულებლად, რომელიც არაქმედუნარიანი მოქალაქეების მხარდასაჭერად არის აუცილებელი“, აცხადებს რაქვიაშვილი.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, პოლიტიკურად რთულია სხვა სოციალური დახმარების გაუქმება, თუმცა ამ სისტემის დანერგვა საკმაოდ რეალურია და მოგონილი, რთული ბიუროკრატიის ჩანაცვლების მიზნით. მისი შეფასებით, ეკონომიკური თვალსაზრისით ოჯახების გაძლიერებისა და ბავშვთა სიღარიბის შემცირების ყველაზე მარტივი და ეფექტიანი გზა სწორედ ასეთი სისტემის დანერგვაა.

დეპუტატის თქმით, მსგავსი სისტემა ადმინისტრირებისათვის მარტივია და მოითხოვს რამდენიმე ადამიანს, ათასობით ბიუროკრატის ნაცვლად. უნივერსალური საბაზისო შემოსავლის ამოქმედება კი  ზრდის ფულის გადანაწილების ეფექტიანობას. შედეგად, მისივე თქმით, ფორმირდება სისტემა, რომელიც ყველა მოქალაქისთვის მომგებიანი ხდება.