როგორ (არ) იცვლება მოსწავლეთა შედეგები საბუნებისმეტყველო საგნებში

პუბლიკა

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში სწავლების ხარისხი, მრავალი წელია, საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს ერთ-ერთი გამოწვევაა.

ამ საგნებში მოსწავლეთა დაბალი მიღწევების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს სხვადასხვა წლის სტრატეგიულ დოკუმენტებში უცვლელად გვხვდება.

„პუბლიკა“ შეეცადა, გაერკვია, ბოლო 10 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მოსწავლეთა მიღწევები ამ საგნებში, რაა გააკეთა სახელმწიფომ სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რამდენი პროგრამა განხორციელდა, რა თანხა დაიხარჯა, რა შეიცვალა და რა რჩება გამოწვევად.

მოსწავლეთა შედეგები

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სწავლების ხარისხი და მოსწავლეთა აკადემიური შედეგები კვლავ გამოწვევად რომ რჩება, ეს ყველა ოფიციალურ დოკუმენტშია აღიარებული.

2017 წელს მომზადებულ სტრატეგიის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სკოლის დამამთავრებელ გამოცდებზე მოსწავლეთა თითქმის მეოთხედს მინიმალური კომპეტენციების დადასტურება უჭირს და საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოსწავლეები საშუალო მაჩვენებლებით კვლავაც ჩამორჩებიან საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელს.

საერთაშორისო შეფასებებში მოსწავლეთა მაჩვენებელზე იმავე ჩანაწერს ვხვდებით უკვე 2022-2030 წლების სტრატეგიაში, რომელიც უახლესი დოკუმენტია და სახელმწიფომ მიმდინარე წელს დაამტკიცა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის ნაწილში საერთაშორისო შედარებითი კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში სკოლის მოსწავლეები სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების თანატოლებთან შედარებით უფრო დაბალ ქულებს იღებენ და სამივე მიმართულებით მიღწევების დაბალი მაჩვენებლები აქვთ.

  • (PISA) 2018 წლის შედეგების მიხედვით, 78 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოში 15 წლის მოზარდებმა მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 74-ე ადგილი დაიკავეს.
  • საბუნებისმეტყველო საგნებში სახელმწიფო შეფასებამ აჩვენა, რომ სწავლის შედეგები რადიკალურად განსხვავდება საბუნებისმეტყველო მეცნიერების სამ საგანში: ბიოლოგიაში მოსწავლეების უმეტესობა (87%) აკმაყოფილებს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასეთი მოსწავლეების წილი საგანგაშოდ დაბალია ქიმიაში და თითქმის ასევეა ფიზიკაშიც: მოსწავლეთა მხოლოდ 51% ქიმიაში და 65% ფიზიკაში უმკლავდება სასწავლო გეგმის მინიმალურ მოთხოვნებს.
  • მათემატიკაში ეროვნულმა შეფასებამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა დაახლოებით 70% სხვადასხვა ხარისხით აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მე-9-კლასელ მოსწავლეებში გამოიკვეთა მოსწავლეთა კრიტიკული ნაწილი, რომელიც მოსწავლეთა 23.21%- ს შეადგენს. ეს მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებენ.
  • საბუნებისმეტყველო დარგებში მოსწავლეთა მიღწევების პრობლემაზე მეტყველებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები. 2023 წლის მონაცემებით, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები გამოწვევად რჩება აბიტურიენტებისთვის – აბიტურიენტთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ვერ გადალახა ზღვარი ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკისა და ბიოლოგიის საგნობრივ გამოცდებში. ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტების მხოლოდ 1.5%, ანუ 601 სტუდენტი გავიდა, თუმცა მათგან 31%-მა პროცენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მასწავლებელთა ასაკი ყველაზე მაღალია

მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მიღწევების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მასწავლებელთა კვალიფიკაცია სახელდება.

ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობაზე საუბრობენ განათლების მკვლევრები.

საბუნებისმეტყველო საგნებში კადრების მომზადების აუცილებლობას ცხადყოფს ამ საგნებში მასწავლებელთა საშუალო და 60+ წელს ზევით ასაკის მასწავლებელთა წილის შესახებ მონაცემები:

ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი აქვთ ფიზიკის მასწავლებლებს (55.6) ქიმიის (53.8), გეოგრაფიის (52.5) ბიოლოგიისა (52) და მათემატიკის (52.5). 60 წელს ზევით ასაკის მასწავლებელთა მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნები:

  • ფიზიკა – 38%;
  • ქიმია – 33%;
  • ბიოლოგია – 28,4%;

მათემატიკის საგნის მასწავლებლების 29%-ის ასაკი 60 წელს აღემატება; მაღალია ეს მაჩვენებელი გეოგრაფიის მასწავლებლებშიც.

50 წელს ზევით ასაკის მასწავლებელთა სტატისტიკა უფრო ნათლად წარმოაჩენს სხვადასხვა საგანში კადრების მომზადების აუცილებლობას.

ფიზიკის მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 73-80% ორმოცდაათ წელს ზევით მასწავლებლებითაა წარმოდგენილი;
ქიმიაში ეს მაჩვენებელი 67,1%-ს შეადგენს;
მათემატიკაში – 64,10%-ს;
გეოგრაფიაში – 61,5%-ს.

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულება იკვეთება, როგორც 50 წელს ზევით მასწავლებელთა მაღალი ხვედრითი წილის მქონე“. – ვკითხულობთ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ბიულეტენში.

კვლევის მიხედვით, „ასაკობრივი სტრუქტურის გარდა, მნიშვნელოვანია მასწავლებელთა რაოდენობაც, რომლებიც 60 წელს ასაკს ზევითაა, რამეთუ ეს მონაცემი გვაძლევს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ მომავალი მასწავლებლების მომზადების პოლიტიკა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა მასწავლებელთა საკადრო პრობლემები არ გაჩნდეს სისტემაში და უზრუნველყოფილი იყოს განათლების ხარისხი. ცხრილიდან თვალნათელია, რომ ყველა საგნის მასწავლებელთა დიდი რაოდენობით მომზადება იქნება მნიშვნელოვანი ახლო მომავალში“.

„ყველაზე დაბალი მოთხოვნა ფიზიკაზეა“

„ყველაზე დაბალი მოთხოვნა ფიზიკაზეა. ფაქტობრივად, წელს ფიზიკაზე არავინ მიგვიღია. მათემატიკასა და ბიოლოგიაზე, ფიზიკასთან შედარებით, აპლიკანტები გვყავს. 6-7 მსურველია, მაგრამ მაინც ძალიან დაბალია. მე-8 წელია, რაც 60 კრედიტიანი პროგრამა არსებობს და ტენდენცია არის ერთი და იმავე ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებზე“, – გვეუბნება ილიას უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამის წარმომადგენელი სოფო ლობჟანიძე.

იმავე კითხვით მივმართეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, თუმცა ჩვენს შეკითხვებზე პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. საქართველოში მასწავლებლობის მსურველებისთვის არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა არსებობს.

2016 წელს კანონში ცვლილებებით დაინერგა მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 9 უნივერსიტეტი ახორციელებს და მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო 60-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 19 უნივერსიტეტში ისწავლება.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ პირს ენიჭება მასწავლებლობის უფლება.

CCIIR-ის კვლევის მიხედვით, საგნობრივი ასაკობრივი სტრუქტურის არაადეკვატური ვითარებაა მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე. თუკი 2016-2021 წლების სტატისტიკას ავიღებთ, მასწავლებელთა განათლების 60-კრედიტიანი პროგრამები ნათლად წარმოაჩენს, რომ ეს პროგრამები უმეტესად ამზადებს ინგლისური ენის მომავალ მასწავლებლებს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი, სადაც ყველაზე მაღალია მასწავლებელთა ასაკი, მხოლოდ მცირე რაოდენობის მასწავლებლები გადიან მომზადებას (ფიზიკა – 26 სტუდენტი, ქიმია – 34 სტუდენტი).

როგორ უნდა შეიცვალოს მიდგომა:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დარგის სპეციალისტები აუცილებლობად მიიჩნევენ მასწავლებელთა ხელფასისა და სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის საკითხის მოგვარებას.

„არის რიგი პროექტები STEM სწავლების დანერგვისა და გაძლიერებისთვის, ასევე – რუსთაველის ფონდის გრანტები, მეცნიერების პოპულარიზაციისა და სკოლებში სამეცნიერო მიდგომის შეტანის კუთხით, მაგრამ ეს არაა საკმარისი ადამიანური რესურსის გასაზრდელად.

პრობლემა არის მრავალმხრივი: ჯერ ერთი, სკოლებში დაბალია ინტერესი ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის მიმართ, ვინაიდან არც ლაბორატორიებია საკმარისი და არც თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება რეალური ლაბორატორიების ჩასანაცვლებლად; მეორეც, მასწავლებელთა ანაზღაურება ისევ დაბალია და თუკი ამ მიმართულებით ინტერესდება ახალგაზრდა, ურჩევნია, უფრო მაღალანაზღაურებადი სფერო აირჩიოს, მაგალითად, სამედიცინო ან საინჟინრო-კვლევითი მიმართულებები, რაც საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობის საშუალებას აძლევს; მესამეც, ამ საგნების სწავლების ინსტრუმენტები, ტექნოლოგიები და მეთოდები საგრძნობლად განვითარდა ბოლო ათწლეულებში, რაც ნიშნავს, რომ მასწავლებლებს სჭირდებათ ხშირი და აქტიური გადამზადება, ისევე, როგორც სასკოლო რესურსების განახლება, ამაზე კი სამინისტრო თითქმის არ ზრუნავს. გადამზადებას აქვს ხოლმე ფორმალური, კონფერენციის ფორმა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის გარეშე ქვეყანა სამეცნიერო და საინჟინრო კვლევებში ვერ ჩაერთვება, რაც პირდაპირ აისახება მის განვითარებაზე. შესაბამისად, სამინისტრომ უნდა შემოიღოს სახელფასო წახალისების ფორმა, რომ მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს სწავლებით, გააძლიეროს თანამშრომლობა უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის, სკოლებში შექმნას თანამედროვე ფიზიკური ან ტექნოლოგიური ლაბორატორიები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის, ეფექტიანად და რეალურად დაატრენინგოს მასწავლებლები როგორც დარგობრივი ცოდნის, ისე უახლესი მეთოდების გამოყენებაში.“ – ამბობს ნანა დიხამინჯია. ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამის წარმომადგენელი სოფო ლობჟანიძე ე.წ. „მაინორ“ პროგრამების დანერგვაზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ ეს შესაძლებლობა დეფიციტურ საგნებში კადრების მოზიდვას დააჩქარებს. „მაინორ პროგრამის შემთხვევაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბაკალავრის სტუდენტებს აქვთ საშუალება, სწავლის დროს აირჩიონ მასწავლებლობა. ეს პროგრამა ძალიან კარგი საშუალება იქნება კადრების მოსაზიდად“, – ამბობს სოფო ლობჟანიძე.

რას ამბობენ პედაგოგები ?

STEM/STEAM განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და STEM/STEAM განათლების დანერგვის ხელშემშლელი ფაქტორების გამოსავლენად STEM-ის ინოვატორთა ასოციაციამ კვლევა ჩაატარა.

კვლევაში მონაწილეობდა 178 ადამიანი – როგორც ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ასევე სხვადასხვა საგნის პედაგოგები.
გამოკითხულთა 94,4% საჯარო სკოლის წარმომადგენელია,5,6% – კერძო სკოლის.

შეკითხვაზე – რა სირთულეებს აწყდებით STEM/STEAM მიდგომის დანერგვის პროცესში? მონაწილეები პასუხობენ: 65 %-ს ხელს უშლის რესურსების არარსებობა, სკოლებში ლაბორატორიების არარსებობა და კომპიუტერული ტექნიკის უქონლობა; 20% ფიქრობს, რომ არ აქვს სათანადო ცოდნა, რაც ხელს უშლის stem განათლება დანერგოს სასწავლო პროცესში.

შეკითხვაზე – რა ტიპის დახმარება გჭირდებათ STEM/STEAM მიდგომის დანერგვის პროცესში?
რესპონდენტთა 100% ამბობს, რომ სჭირდებათ ტექნიკური აღჭურვილობა,ლაბორატორია და პედაგოგთა გადამზადება.

————————–

ბოლო 10 წლის განმავლობაში საბუნებისმეტყველო საგნის სწავლებაში მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ „პუბლიკამ“ კითხვით განათლების სამინისტროს, კერძოდ კი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს მიმართა – მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს გავუგზავნეთ ჩვენი შეკითხვები და ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირთა ინტერვიუს დაგეგმვაში დახმარება ვთხოვეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ ინფორმაციის მოძიება ღია წყაროების დახმარებით ვცადეთ, თუმცა ეს წყაროები პროგრამების სრული ჩამონათვალისა და ამ პროგრამების შესასრულებლად დახარჯული საბიუჯეტო ხარჯის შესახებ ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ასევე, ვერ მოვიძიებდით ინფორმაციას პროგრამების მიზნებსა და შედეგების შესახებ ანგარიშებზე.

საჯარო წყაროებიდან ცნობილია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს ჰქონდა STEM-ის მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა, ასევე – პროგრამა ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებაზე. რა იყო პროგრამის მიზნები და როგორი გაიზომა მიღწევები, შედეგი უცნობია.
ამასთანავე, 2019 წელს აამოქმედეს პროგრამა „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც მსურველებს ამზადებდა ფიზიკაში, მათემატიკაში, ტექნოლოგიების ბიოლოგიაში, ქიმიასა და ა.შ. ამ პროგრამის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებში ვერ მოვიძიეთ.