ტრენინგების საქმეზე ვახო ქარელის გამოკითხვა დასრულდა. ფოტოგრაფმა სუსს ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ ქარელმა თქვა, რომ დარჩა განცდა, რომ თავად გამომძიებლებმაც არ იციან, რას აკეთებენ.
„გამოკითხვის შემდეგ ისევ ის განცდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი სასაცილოა და გამომძიებლებს თავადაც არ სჯერათ იმის აბსურდულობის, რა კითხვებსაც სვამენ. ეს განცდა დამრჩა. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ხელი გაუთქმელობის აღთქმაზე მაქვს მოწერილი”. – თქვა ვახო ქარელმა.
ვახო ქარელის ინტერესებს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი იცავს.
მისი თქმით, მოწმეებს გაუთქმელობის აღთქმას ადებინებენ, რათა „აბსურდი არ გამომჟღავნდეს”.
ტრენინგების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულია ის არტისტული კოლექტივის – „ბულიონის“ წევრი ნატალია ვაწაძეც. ჩვენებას ისიც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებთ მისცემს.
მანამდე სუსმა გამოჰკითხა ორგანიზაცია CANVAS საქართველოს დირექტორი გიორგი მელაძე, თანადამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე და ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან. სუსმა ასევე გამოჰკითხა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის თანამშრომელი, ანა წურწუმია-ზურაბაშვილი.
2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 26-29 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი, სადაც მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.
უწყების მტკიცებით, „ტრენერები იყვნენ სერბეთის მოქალაქეები: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც ახლა „კანვასის” წევრები არიან”.
სუსისვე განცხადებით, „26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ”.
უწყების 18 სექტემბრის განცხადების თანახმად, „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით”.
USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა სუსის პასუხად 30 სექტემბერს თქვა, რომ „კანვასის“ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა”. მისი თქმით, USAID ძალიან ამაყია, რომ თანამშრომლობს „კანვასთან“.
რაც შეეხება იმას, თუ რა ტრენინგი ჩატარდა რეალურად 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით – ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.
ტრენინგის აღწერის თანახმად, “სასწავლო კურსმა კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომები გააცნო. კურსმა ერთმანეთთან დააკავშირა თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”.
ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ძალაუფლების მრუდი, არაძალადობრივი სტრატეგია და ტაქტიკა, კომუნიკაციის სტრატეგია.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუშაობს უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და პასუხისმგებელი საზოგადოების ასაშენებლად. CANVAS-ის ოფისები გახსნილია ვაშინგტონში, კუალა ლუმპურში, მალეიში, თბილისში, იოჰანესბურგსა და ბელგრადში მიზნად ისახავს, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ ადგილობრივ აქტივისტებს. ორგანიზაცია ემსახურება ინიციატივებს, რომლებიც ეყრდნობა არაძალადობრივი ბრძოლის და შემოქმედებითი აქტივიზმის პრინციპებს.
საქართველოში ფუნქციონირებს „კანვას საქართველო”. მას გიორგი მელაძე ხელმძღვანელობს.
18 სექტემბრის განცხადებაში უწყებამ დაასახელა გვარებიც, რომლებიც „რევოლუციური სცენარის” მიღმა დგანან: ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე და ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი. ასევე, ახსენა ორგანიზაცია „კანვასი“ – სუსი ამბობს, რომ „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით იყენებენ ორგანიზაცია „კანვასს“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.
„ოპტორს”, რომელსაც სუსი ახსენებს, სერბული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1998-2004 წლებში არსებობდა და თავის დროზე შთაგონება გახდა, მათ შორის, ქართული საპროტესტო მოძრაობისთვის „კმარა” და უკრაინული მოძრაობისთვის – „პორა“.
რაც შეეხება ორგანიზაცია „კანვასს“ (CANVAS), ის ბელგრადში სლობოდან ჯინოვიჩმა და სრჯა პოპოვიჩმა 2005 წელს დააფუძნეს იმ მიზნით, რომ „მხარი დაუჭირონ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაში”. „კანვასი” ამბობს, რომ შექმნის დღიდან მუშაობს დემოკრატიის მომხრე აქტივისტებთან 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და სუსს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არ გაუსაჯაროებია გამოძიება და მისი შედეგები.