თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის, ნინო მაჭარაშვილის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია – კულტურის სამინისტროს 20 თვის განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
მაჭარაშვილი 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს.
ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის ინტერესებს საადვოკატო ფირმა Justice League იცავდა.
როგორც იურისტმა დიტო ხვიჩიამ „პუბლიკას“ უთხრა: „ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა აღდგენის ნაცვლად კომპენსაცია – ერთი თვის კომპენსაციის გათვალისწინებით, 2022 წლის 15 თებერვლიდან განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად. მოპასუხეს დაეკისრა ბაჟის გადახდა 100 ლარი, ანუ, 2022 წლის 15 თებერვლიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გამოდის 20 თვის განაცდური. დაველოდებით, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში”.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თეა წულუკიანის მიერ მუზეუმებიდან ადამიანების გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია: 2022 წლის ნოემბერში სასამართლომ უკანონოდ ცნო ხელოვნების მუზეუმიდან ირმა მანაგაძის გათავისუფლება, 2023 წლის 21 ივნისს კი სასამართლომ დააკმაყოფილა ისტორიის მუზეუმის თანამშრომლის, ლია მამაცაშვილის სარჩელი;
თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. დანიშვნიდან მალევე დაიწყო საკადრო ცვლილებები ხელოვნებისა და ეროვნულ მუზეუმებსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. „რეორგანიზაციის” სახელით მინისტრმა გაათავისუფლა ათობით თანამშრომელი, მათ შორის, ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ეკა კიკნაძე და მეცნიერი იულონ გაგოშიძე.