სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში 2022 წლის ანგარიში წარადგინა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს სხდომა, საიდუმლო ინფორმაციის განხილვის მოტივით, მედიისთვის დაიხურა. თუმცა, მანამდე ლილუაშვილი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა.
გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ „2022 წელი განსაკუთრებულად მძიმე იყო რეგიონისა და ქვეყნისათვის, უკრაინაში მიმდინარე ომმა შექმნა ურთულესი ვითარება და რეგიონის არაერთი ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც, საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა”.
მისივე განცხადებით, „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ინტერვენციამ პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგზე. შექმნილმა ვითარებამ უფრო გამოკვეთა ოკუპაციის პირობებში მყოფი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გაზარდა ზეწოლა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე და სტაბილურობაზე. ამავე პერიოდში უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი“.
ამასთან, მისი თქმით, გასულ წელს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ჰიბრიდული საფრთხეები.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადების თანახმად, „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების და მათთან კავშირში მყოფი ლოიალური ჯგუფების, ორგანიზაციების მიერ კომბინირებულად და კოორდინირებულად ხდებოდა ე.წ. რბილი ძალის ფარული ოპერაციების, მათ შორის კიბეროპერაციების, ასევე საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება”.
ამასთან, სუს-ის უფროსის თქმით, „დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიებში ჩართული იყვნენ როგორც გარე, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორები, რომელთა მიზანს კვლავ წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა, ასევე ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან”.
„გასული წლის მანძილზე დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობები კონკრეტული ჯგუფების მიერ. მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ და ომის თანმდევი ცალკეული პროცესების თაობაზე მოსახლეობაში პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც აქტიურად ავითარებდა საქართველოში არსებული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ზოგიერთი ჯგუფი. ასევე, ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელების მცდელობებს შემოსულ პირთა შორის, თითქოს და ე.წ. დივერსანტების. ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფებისა და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ“. – განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მწვავე იყო სუს-ისა და ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. ლილუაშვილის თქმით, აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია სამსახურის მისამართით აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იურიდიულ და ფაქტობრივ გარემოებებს მოკლებული ბრალდებები კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზება და მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. სუს-ის მხრიდან პროაქტიულ რეჟიმში შემდგარი კომუნიკაციისა და დეტალური ინფორმაციის, მათ შორის მტკიცებულებების მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში მონაწილე ბრალმდებელ შიდა და გარე ჯგუფებს არ წარმოუდგენიათ არავითარი მტკიცებულება. აღნიშნული კამპანია ცალსახად წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციას. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ მსგავსი კამპანიები რეალურად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ და ემსახურებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების მიმართ მოსახლეობის ინტერესის შემცირებას და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხო გარემოს დაზიანებას“. – თქვა სუს-ის უფროსმა.