ტრენინგების საქმეზე სუს-ში გვანცა ჯობავა დაიბარეს 

პუბლიკა

ტრენინგების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გვანცა ჯობავა დაიბარა.

მან ფეისბუქზე დაწერა, რომ უწყებიდან დღეს, 24 ოქტომბრის დილას დაიბარეს.

„ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია, მაგრამ მეორე, მხრივ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ამ საქმეში რამე სასაცილოა. ალბათ ასე იწყებოდა და ვითარდებოდა მოვლენები თავის დროზე რუსეთშიც. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას სურს, მსგავსი შემთხვევებისთვის ყურის შეჩვევით შეგვაგუონ იმ აზრს, რომ ამერიკულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა ჩვენთვისვეა საშიში, საშიშია სამოქალაქო აქტივიზმი, საშიშია აზრის ხმამაღლა გამოთქმა, საშიშია, როცა გარკვეული მოვლენების მიმართ გიჩნდება პროტესტი და ცდილობ შენი უფლებების დარღვევა საჯაროდ გააპროტესტო და რაღა შორს მივდივართ, საშიშია სამოქალაქო აქტივიზმში სასწავლო კურსის გავლა, იმიტომ რომ შედეგად სავსებით შესაძლებელია, სუსმა საიდუმლოდ დაგიმონტაჟოს გადამღები თუ მოსასმენი სისტემა და შემდეგ ეს ყველაფერი, დაჭრილ-დამონტაჟებული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. და ეს ყველაფერი, დემოკრატიული მოწყობის სახელმწიფოში, რომელსაც ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება სურს.

მიზანი, ცხადია, მხოლოდ ამ ტრენინგის მონაწილე ადამიანების დაშინება არაა, მთავარი საზოგადოების დაშინებაა, რომელიც ჩვენს აქტივიზმს ალბათ პერიოდულად თვალს ადევნებს, მიზანი მათში ნიჰილიზმის გაძლიერებაა – რომ არაფერს არ აქვს ამ ქვეყანაში აზრი, რომ აი, ის ხალხი ხმაურობდა, აპროტესტებდა ხმამაღლა და ნახეთ რა დაემართათ? სუსში დაიბარეს!

ჰოდა, არ შეშინდეთ მეგობრებო, საქართველო რუსეთი არ არის და არც არასდროს იქნება! ჩვენს ლაღ და თავისუფალ სულს, სამშობლოსადმი ჩვენს უპირობო სიყვარულს ვერაფერი მოერევა”. – წერს გვანცა ჯობავა ფეისბუქზე.

USAID-ის ორგანიზებით 26-29 სექტემბერს გაიმართა ტრენინგი წინააღმდეგოების არაძალადობრივი გზების შესახებ. სუსი ირწმუნება, რომ ტრენინგის მონაწილეებს „ქვეყნის ჩამოშლა“ ასწავლეს.

სუსმა უკვე გამოჰკითხა ორგანიზაცია CANVAS საქართველოს დირექტორი გიორგი მელაძე, თანადამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე და ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან. სუსმა ასევე გამოჰკითხა USAID-ის საქართველოს ოფისის თანამშრომელი, ანა წურწუმია-ზურაბაშვილი, ფოტოგრაფი ვახო ქარელი, არტისტული კოლექტივის – „ბულიონის“ წევრი, ნატალია ვასაძე, დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA) თანამშრომელი მარიამ ჩუტკერაშვილი და რეჟისორი გიორგი სავანელი.

გამოკითხვაზე დაბარებულია პროდიუსერი თიკო ნადირაშვილი.

ისინი გამოკითხვის დეტალებზე ვერ ლაპარაკობენ, ვინაიდან უწევთ, ხელი მოაწერონ გაუთქმელობის პირობას.