ვენეციის კომისიის დელეგაცია პრეზიდენტს, მთავრობის და პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს. დელეგაციას ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი – სიმონა მენგინი-გრანატა ხელმძღვანელობს.

დელეგაცია ორბელიანების სასახლეში მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

მანამდე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს პარლამენტში, შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. „შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი და კომისიის ექსპერტები საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ირაკლი კობახიძემ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ისაუბრეს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, სასამართლოს საკითხებსა და საარჩევნო თემატიკაზე.

„ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანთან და კომისიის ექსპერტებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებს და კომისიაში კანონპროექტების გაგზავნის ფაქტები ხშირია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ძალიან მაღალია რეკომენდაციების გათვალისწინების მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. შეხვედრაზე ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებსაც შევეხეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიც არის სასამართლოს საკითხები და საარჩევნო თემატიკა და ამ საკითხებზე დეტალური დისკუსია გავმართეთ“,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვედრა დაგეგმილი აქვს ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

დელეგაცია საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეს, 16 ნოემბერს პრესკონფერენციით დაასრულებს.