„ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ პროტესტს სამინისტროსთან, რომელზეც ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ამის საჭიროება არ არსებობს”, – ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე პროტესტს.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან იმ პროცედურებზე ისაუბრა, რაც ლიცენზიის გაცემას უძღოდა წინ.
„არსებობს კითხვა, რომ თითქოს გარემოს ეროვნულმა სააგენტოს უკანონოდ გასცა ლიცენზია. მე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ სააგენტოს მიერ 2022 წლის მარტში, საჯარო აუქციონის წესით გაიცა ლიცენზია კონკრეტულ კომპანიაზე. და ამ პროცესს მანამდე თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები და აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს faceboo-გვერდზე და სხვა საშუალებებით ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ანუ პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და არსებული კანონმდებლობის შესაბამისი.
შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ, რომ საზოგადოებასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შესაძლოა არ იყო სათანადო და უფრო მეტი იყო სასურველი, თუმცა ჩვენ ამაზე ყოველთვის მზად ვართ, რომ ვისაუბროთ, შემდგომ პროცესებში, კანონმდებლობის კუთხით დავხვეწოთ ის საკითხები, რომელიც შესაძლოა, უკეთესად შეიძლება განხორციელდეს მომავალში.
მაგრამ, მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, დაიცვა ყველა პროცედურა და კანონმდებლობის შესაბამისად, აბსოლუტურად საჯაროდ გამოაცხადა აუქციონი და გაიცა ლიცენზია”, – განაცხადა შამუგიამ.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის გაუქმებას მოითხოვს.
მოძრაობის განცხადებით, ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია.