შაბათს რაჭაში მორიგი აქციაა | რატომ არ აკმაყოფილებს მოსახლეობას სამინისტროს პოზიცია?

ნათია ამირანაშვილი

შაბათს, 11 ნოემბერს ამბროლაურის მერიასთან რაჭის ტყეების გადაცემასთან დაკავშირებით მორიგი აქცია დაიგეგმა. სწორედ ამ დღეს გადის სამინისტროსთვის მიცემული 1-კვირიანი ვადა შეკითხვაზე პასუხის მისაღებად: აუქმებს თუ არა უწყება დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 49-წლიან ლიცენციას 97 000 ჰექტარ ტყეზე.

აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრების საჯარო შეხვედრა გაიმართა. 6-საათიანი დისკუსიის შემდეგ მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამინისტრო ქმედით ცვლილებებს არ გეგმავს.

ამის გამო, მათ 3 ნოემბერს სამინისტროსა და მის სსიპ-ს ოფიციალური წერილით მიმართეს, გადაუგზავნეს მათი არგუმენტაციის წერილობითი საფუძვლები. ამტკიცებენ, რომ ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია.

„რიონის ხეობის მოძრაობა” 11 ნოემბრამდე ელოდება პასუხს შეკითხვაზე: გახდება თუ არა ეს გარემოება სამონადირეო ლიცენზიის ბათილად ცნობის საფუძველი, თუ გაირკვევა, რომ აუქციონის მოსამზადებლად გამოყენებულ იქნა გაყალბებული დოკუმენტები, რითაც უხეშად დაირღვა კონსტიტუციით, საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.

რას ამბობს სამინისტრო ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნაზე:

სამინისტრო ასახელებს ორ ფაქტორს, რის საფუძველზეც შესაძლოა, რომ „გადაიხედოს ლიცენზიის მოქმედება”.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ლიცენზიის მფლობენ კომპანიას – შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ შეჩერდა ტერიტორიის გადაცემის პროცესი, ვინაიდან მათ არ წარმოადგინეს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, სამინისტრომ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად, განიხილავენ რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცულის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას.

„აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლოა მოხდეს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა”, – აღნიშნავს სამინისტრო და დასძენს, რომ კონკრეტული სტატუსი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განისაზღვრება.

რა პოზიცია აქვს დავით ხიდაშელს:

პროცესის შეჩერების შემდეგ, 22 სექტემბერს რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული, ლიცენზიის მფლობელი კომპანია გარემოს დაცვის მინისტრს წერილს უგზავნის. ისინი წერილში წერენ, რომ კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ დაუსაბუთებელი ინფორმაცია ვრცელდება, რაც აჟიოტაჟს იწვევს.

წერილში კომპანია მოითხოვს, გადაეცეს დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტი ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის გადმობარების პროცესის შეჩერებაზე.

ამას გარდა, კომპანია მოითხოვს, მოხდეს სალიცენზიო ფართობის გადმობარება, რათა შეძლონ ამავე ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მასალის მომზადების პროცესში „პუბლიკა” კვლავ დაუკავშირდა კომპანიას შეკითხვებით – მიიღეს თუ არა პასუხი წერილზე; და როგორი იქნება მათი შემდგომი გეგმები. როგორც მათი პასუხიდან ირკვევა, დამატებითი ნაბიჯები ამ ეტაპზე აღარ გადაუდგამთ. არც სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

რატომ არ აკმაყოფილებს მოსახლეობას სამინისტროს პოზიცია?

ადგილობრივ მოსახლეობასა და აქტივისტებს ორი მოთხოვნა აქვთ – ლიცენზიის გაუქმებასთან ერთად ისინი დაცული ტერიტორიის ნაწილში გადაწყვეტილების მიღებას მათთან კონსულტაციების შედეგად მოითხოვენ.

„მოსახლეობა ადგილზე უკვე არსებულ დაცულ ტერიტორიას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს, რადგან ეს მათთან კომუნიკაციით არ შექმნილა. შესაბამისად, მოსახლეობა მოითხოვს, რომ განულდეს დაცული ტერიტორიის შექმნის პროცესი, დავბრუნდეთ საწყის პოზიციებზე და თავიდან დაიწყოს პროცესი – მოსახლეობასთან კომუნიკაციის კანონის განსაზღვრული წესებით”, – აცხადებს მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

რა არის ლიცენზიის გაუქმების საფუძველი?

გოლეთიანი ამბობს, რომ არანაირი კომუნიკაცია არც ხიდაშელის ლიცენზიის ნაწილში, და არც დაცული ტერიტორიების ნაწილში მოსახლეობასთან არ ყოფილა და ეს გადაწყვეტილებები მოსახლეობისგან ფარულად მიიღეს. აღნიშნულს ისინი საჯარო უწყებებიდან მიღებული კორესპონდენციით ასაბუთებენ.

მათი თქმით, შედეგად დარღვეულია ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც გარანტირებულია: კონსტიტუციის 29-ე მუხლით, ორჰუსის კონვენციის 1 -ლი და მე-3 მუხლის მე-2 და მე-9 ქვეპუნქტით, აგრეთვე, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.

„ჩვენი მოძრაობა დაინტერესდა მოსახლეობის ჩართულობის ხარისხით ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვით სფეროში. ჩვენ ვერ ვიპოვეთ რაჭაში მცხოვრები ერთი ადამიანიც კი, ვინც თუნდაც ელემენტარულ ინფორმაციას ფლობდა ამ საკითხთან დაკავშირებით…

მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებისგან, რომელიც დოკუმენტურად  (ოქმებით) უნდა ასახავდეს მოსახლეობის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში ჩართულობას.

…კერძოდ, ონის მერიის წერილში ნათქვამია, რომ 2019 წლის ნოემბერში მერის წარმომადგენლებს დაევალათ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებლების ინფორმირება. წარმომადგენლებმა ზეპირი ინფორმაცია მიაწოდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას.

ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ გადმოგვცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მეორე მოწვევის საკრებულოს ოცდამერვე რიგგარეშე სხდომის ოქმი N 25, დათარიღებული 2022 წლის 5 დეკემბრით, აგრეთვე სხდომის აუდიო ჩანაწერი CD-დისკზე.

მოვიყვანთ მხოლოდ შემაჯამებელ აბზაცს: „საკრებულოს სხდომაზე გამოხატული აზრთა სხვადასხვაობისა და კამათის მიუხედავად, საბოლოოდ შეჯერდნენ ერთ აზრზე, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამონადირეო მეურნეობის შექმნის სპეციალური ლიცენზია გასცა მოსახლეობასთან შეხვედრებისა და თანხმობის გარეშე, არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია და შესაბამისი დამადასტურებელი ოქმები”, – ნათქვამია სამინისტროსადმი მიწერილ წერილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გოლეთიანი აცხადებს, რომ თუ ლიცენზიის გამცემ ორგანოს ამ ლიცენზიის გაუქმების მოტივაცია აქვს, ეს საფუძველი ამისთვის საკმარისია. და რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ შემოთავაზებულ პირობებს ისინი ნდობას ვერ გამოუცხადებენ.

გოლეთიანისვე თქმით, სამინისტროს წარმოდგენილი ორი ფაქტორიდან არცერთი არ გულისხმობს ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველს, შესაბამისად, მისი აზრით, არ არსებობს მყარი გარანტიები, რომ ლიცენზია ნამდვილად გაუქმდება.

„ამბობენ, რომ თუ არ წარმოადგინა მართვის გეგმა, გავუუქმებთ. ჩვენ კი შევეკითხეთ სამინისტროს წარმომადგენელს – რომ წარმოადგინოს, გაუუქმებთ? ვადა გაქვთ მიცემული, რომ შეასრულოს და წარმოადგინოს, მერე რა ხდება? ამაზე ამბობენ, რომ – რა, არ მენდობი?! არა, არ გენდობით. რატომ ვართ ვალდებულნი, ნდობაში შევიდეთ ერთმანეთთან. ცოტა გვინახავს „გადაგდება”, რომ რაღაცა ითქვა და მერე არ გაკეთდა?

რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს – ამბობენ, რომ აპირებენ, შექმნან კიდევ სხვა ტიპის დაცული ტერიტორია, რომელიც მოიცავს ხიდაშელის ტყეებს. თუ ის სრულად შეავიწროებს [მოიცავს] ამ ტერიტორიას, ამ შემთხვევაში თავსებადობაში ვეღარ მოვა ლიცენზიასთან და გაუქმდებაო. მაგრამ ეს კვლევის საგანია – შეიძლება ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნას ოცი ათას ჰექტარზე, დანარჩენი ჩვეულებრივად დარჩება ლიცენზიანტს.

ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მანიპულაციური, დროში უკიდეგანოდ გაწელილი პროცესი, რაც ცალსახად არ მიდის ლიცენზიის გაუქმებისკენ. უბრალოდ წინასაარჩევნო დაპირებას ჰგავს”, – განაცხადა გოლეთიანმა.

აღნიშნული მიზეზების გამო მოძრაობას მიაჩნია, რომ ვინაიდან არსებობს ლიცენზიის გაუქმების მკაფიო საფუძვლები, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ხედვა საკითხის მხოლოდ დროში გაჭიანურებას ემსახურება. სწორედ ამის გამო მიმართეს მათ ოფიციალური წერილით და პასუხის მიღებას 11 ნოემბრამდე ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმება შემდგომი სამოქმედო ნაბიჯებიც.