„ოცნება" მხარს დაუჭერს 2024-ის არჩევნებში ძველი პირადობებით ხმის მიცემის შესახებ ინიციატივას

პუბლიკა

„ქართული ოცნება” სამივე მოსმენაზე გაიტანს და მხარს დაუჭერს ინიციატივას 2024-ის არჩევნებში ძველი პირადობებით ხმის მიცემის შესახებ.

ფრიდონ ინჯიას ინიციატივის საკითხზე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ითვალისწინებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დღეს დახურულ ფორმატში პარლამენტში მსჯელობდნენ.

„ოცნების” წევრების თქმით, 2011 წლამდე გაცემული ძველი პირადობები ე.წ ლამინირებული პირადობები გაუქმდება, თუმცა, თუკი გაუქმებული პირადობის მქონე ადამიანი ისევ ძველ პირადობას მოითხოვს, შეძლებს ისევ ლამინირებული პირადობის მოწმების აღებას.

„ყველა ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  ადამიანების ის რაოდენობა, რომლებსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობები ექნება, მაქსიმუმ იქნება 500 000 კაცი. რაც შეეხება, ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, ეს ინიციატივა არაელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე ადამიანებსაც ხმის მიცემის უფლებას აძლევს. ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა, შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა საპირისპირო თქვეს – მათი განცხადებით, „ოცნებისგან” როგორც კანონპროექტის შეჩერების, ისე ID მოწმობების შესახებ კამპანიის ჩატარების პირობა მიიღეს. ოპოზიცია ინჯიას ინიციატივის გაუქმებას ითხოვს, რადგან მათი თქმით, 2024 წელს არჩევნებში ძველი პირადობების გამოყენება „ოცნებისთვის” არჩევნების გაყალბების ბერკეტია.

„მათგან დღეს მივიღეთ ერთგვარი პირობა, რომ ეს ასე მოხდება… მათ თქვეს, რომ ჩანაცვლების პოლიტიკური ნება არსებობს, რომ სახელმწიფო ინტენსიურ კამპანიას დაიწყებს. ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყვეს ინიციატივის შეჩერება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„დაგვეთანხმნენ, რომ უფასოდ და პირადობის მიტანით მოხდება ამ პროცესის გაგრძელება, რაც შეეხება ინჯიას კანონპროექტს, ალბათ პირველი მოსმენითაა მიღებული და გაუქმდება”, – თქვა შეხვედრის შემდეგ რომან გოცირიძემ.

ცვლილებები, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შედის, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

კანონპროექტის თანახმად:

არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ნაცვლად პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) და/ან პასპორტისა, მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვთ.