საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, გეგმავს თუ არა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებას.
რუსული კანონის თანაავტორის თქმით, ევროკომისიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად დეზინფორმაციასთან ბრძოლა განსაზღვრა, საქართველოს სამთავრობო გეგმა კი მოიცავს ისეთი ტიპის დეზინფორმაციასთან ბრძოლას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. სეფაშვილი სვამს შეკითხვას, ქვეყნის შიგნით „დამაზიანებელი დეზინფორმაციული ნაკადების“ სამართავად ხომ არაა საჭირო ამ ცნების გაფართოება.
„მოგეხსენებათ, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლა პრიორიტეტულ საკითხებს შორის დასახელდა და მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაში პირველი პრიორიტეტია, თუმცა გეგმაში წერია, რომ ეს ეხება ევროკავშირის შესახებ ფასეულობებისა და ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლას.
ხომ არ ფიქრობთ, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ის დამაზიანებელი დეზინფორმაციული ნაკადები ქვეყნის შიგნით, რომელიც აზიანებს არა მარტო ქვეყანას, არამედ ცალკეულ პიროვნებებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს და რაც საბოლოოდ ხელს უშლის ქვეყნის სწორად განვითარებას და პირველ რიგში ეს აზიანებს ქართულ საზოგადოებას, მოსახლეობას, რომელიც ამ დეზინფორმაციული ნაკადების გამო ვერ იღებს სრულყოფილ ინფორმაციას.
ჩვენ, მაგალითად, ვიხილეთ უსაფუძვლო დემარშები ელჩებისგან, რომელსაც დეზინფორმაცია ედო საფუძვლად, ასევე გამჭვირვალობის შესახებ ვიხილეთ ისტერია, რომელსაც საერთაშორისო დონის, გლობალური დეზინფორმაცია ედო საფუძვლად და თითქმის ყოვლედღიურად ვხვდებით ოპოზიციურ მედიაში მანიპულაციურ და მყვირალა სათაურებს, რომელსაც საუკეთესო შემთხვევაში შინაარსი არ აქვს და უმრავლეს შემთხვევაში დეზინფორმაცია უდევს საფუძვლად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილის კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა, თუმცა მეორე მხარეს გამოხატვის თავისუფლება დგას.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი კანონი დაინიცირდება როგორიც გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთშია, „ამას აუცილებლად დაარქმევენ რუსულ კანონს“.
„დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. თქვენ ხედავთ, რომ დეზინფორმაციის მასშტაბი და ხარისხი არის ძალიან მაღალი, თუმცა მეორე მხარეს დგას გამოხატვის თავისუფლება.
არის ქვეყნები, სადაც ახერხებენ სწორი ბალანსის გამოძებნას გამოხატვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას შორის, დაცულია ობიექტურობის პრინციპი და თან იმავდროულად, დაცულია გამოხატვის თავისუფლება.
თუმცა, მერწმუნეთ, ჩვენ რომ მსგავსი კანონი დავაინიციროთ, რაც მოქმედებს, მაგალითად, გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში, ამას აუცილებლად დაარქმევენ რუსულ კანონს.
სინამდვილეში სულ ორ რამეზე დგას ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ერთი ეს არის გაუმჭირვალობა და მეორე – სიცრუე და დეზინფორმაცია. ამიტომ, ნებისმიერ კანონპროექტს, პირდაპირ რომ ბრიტანული ან გერმანული გადმოვიტანოთ, სადაც გამოხატვის თავისუფლებაა დაცული, მყისიერად დაერქმევა რუსული კანონი. ეს არის სამწუხარო რეალობა. დანარჩენზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა პრობლემა, რა თქმა უნდა, პრობლემად რჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამაში „დეზინფორმაციასთან ბრძოლა“ ნახსენები არ არის.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობის გეგმაში ნათქვამია, რომ ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციის, გარე საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ საბეძოლველად საქართველოს მთავრობა აპირებს, შეიმუშავოს კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმა საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბროლის მიზნით საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას გეგმავდა ღარიბაშვილის მთავრობა.
მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიაში, რომელიც 11 დეკემბერს დამტკიცდა, ყურადღება ეთმობა დეზინფორმაციასთან ბრძოლას. მთავრობა წერს, რომ აუცილებელია დეზინფორმაციის მხილება და ფაქტებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება და, მეორე მხრივ, აქტიურად მუშაობა მედიაწიგნიერების მიმართულებით.