დეზინფორმაციის მხილება და მთავრობის იმიჯის მართვა | რა წერია მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიაში

პუბლიკა

საქართველოს მთავრობა, „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით“, უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას გეგმავს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიაში, რომელიც 11 დეკემბერს დამტკიცდა.

დოკუმენტი „პუბლიკამ“ საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვის შედეგად მიიღო. ინფორმაციის გაცემის ვადების დარღევის გამო გამოცემამ უწყებას ადმინისტრაციული საჩივრითაც მიმართა. საბოლოოდ, ინფორმაცია ერთი თვის შემდეგ, 9 იანვარს მივიღეთ.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე.

სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დეზინფორმაციასთან ბრძოლას. მთავრობა წერს, რომ საქართველოში დეზინფორმაციული კამპანიების მთავარი მიზანია საზოგადოებრივი მდგრადობის რღვევა, საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა თუ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დისკრედიტაცია.

„დეზინფორმაციასთან და ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა არის მუდმივი, განგრძობითი პროცესი. არაერთი ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და საზოგადოების მედეგობის გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ასპექტი: ერთი მხრივ, აუცილებელია დეზინფორმაციის მხილება და ფაქტებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება და, მეორე მხრივ, აქტიურად მუშაობა მედიაწიგნიერების მიმართულებით, კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციის წარმომავლობისა და მისივე მიზნის კვლევა-ანალიზი არის უნარი, რომელიც აუცილებელია ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გასამიჯნად“, – წერია დოკუმენტში.

სტრატკომი – სტრატეგიის დოკუმენტში შეფასებულია მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის სამუშაო სფერო და აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მედიამონიტორინგის გამართული სისტემის არსებობას.

დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ სამინისტროებში შექმნილია ე.წ. მედიამონიტორინგის დანაყოფები:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ისევე როგორც ცალკეულ სამინისტროებში, შექმნილია მედიამონიტორინგის დანაყოფები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალური მედიის პლატფორმებს. გამოვლენილ დეზინფორმაციის ფაქტებზე ხდება შესაბამისი რეაგირება საქართველოს მთავრობის ოფიციალური საკომუნიკაციო არხების საშუალებით“.

როგორ იგეგმება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის გაძლიერება

როგორც სტატიის დასაწყისში აღინიშნა, მთავრობა „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით“ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას გეგმავს.

ირკვევა, რომ ასევე იგეგმება სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარებაც:

„სახელმწიფო უწყებებში სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს დეზინფორმაციის გამოვლენისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს. თანამშრომლების აღჭურვა სათანადო უნარებითა და ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს დეზინფორმაციის მავნე გავლენების შესუსტებას და, შესაბამისად, საზოგადოებაში დეზინფორმაციის მიმართ მედეგობის ზრდას“, – ნათქვამია სტრატეგიის დოკუმენტში.

მედიაწიგნიერება –  ამ მიმართულებით სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის გაღრმავებაც.

„მედიაწიგნიერების უნარების განვითარება ხელს უწყობს დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერებას. ამ მიმართულებით, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაძლიერება მედიაწიგნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდასაჭერად და, მეორე მხრივ, საქართველოს კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც წარმოადგენს მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით მთავარ პასუხისმგებელ უწყებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს მთავრობა საკომუნიკაციო პოლიტიკის ხედვებში აღნიშნავს, რომ [] სამთავრობო კომუნიკაციის ამოცანაა, საზოგადოებას აუხსნას, განუმარტოს მთავრობის მიზნები, გეგმები და პოლიტიკა.

„…ამასთან, სტრატეგიის მიზანია სწრაფი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში უფრო ეფექტური და ეფექტიანი გახადოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაცია, აამაღლოს ნდობა მთავრობის და სამთავრობო კომუნიკაციების მიმართ, ასევე მაღალკვალიფიციური კადრები. შეინარჩუნოს, მოიზიდოს და განავითაროს მაღალკვალიფიციური კადრები“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებში ერთ-ერთი ქვეთავი ეთმობა მთავრობის იმიჯის მართვას:

„მთავრობის იმიჯის განმტკიცება მთავრობის ერთიანი საკომუნიკაციო პოლიტიკის ძირითადი კომპონენტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში ნდობის მოპოვების, საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და ჩართულობის უზრუნველყოფის პროცესში. საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის საკომუნიკაციო პლატფორმათა გამოყენება უზრუნველყოფს მრავალფეროვან, ფართო აუდიტორიაზე წვდომას, რაც, თავის მხრივ, სრულყოფილი, თანმიმდევრული ნარატივისა და გზავნილების გამოყენებით შესაძლებელს ხდის საზოგადოებაში მთავრობის პოზიტიური იმიჯის ფორმირებასა და განმტკიცებას“, – წერია დოკუმენტში.

უწყებათაშორისო კოორდინაციის გაუმჯობესება – სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულებაა. მთავრობის საკომუნიკაციო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, რომელიც განაპირობებს ერთიანი, თანმიმდევრული გზავნილებისა და ნარატივების ფორმირებას, რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას, საზოგადოებაში ბუნდოვანი გზავნილების გავრცელების რისკის შემცირებას, კრიზისების დროს ეფექტიან კომუნიკაციას და შედეგად საზოგადოების მხარდაჭერის ზრდას სამთავრობო ინიციატივების მიმართ“, – ნათქვამია სტრატეგიაში.