მთავრობა არ ასაჯაროებს სტრატეგიას, რომლის მიზანიც მოსახლეობის უკეთ ინფორმირებაა

პუბლიკა

მთავრობა ამ დრომდე არ ასაჯაროებს და არც საჯარო ინფორმაციის წესით გასცემს სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

2024-2027 წლებისთვის მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 11 დეკემბერს დაამტკიცეს. აღნიშნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის ვებგვერდისა და facebook-ის საშუალებით ეცნობა. შემდეგ კი მედიასთან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემაც ისაუბრა. სხვა ცნობები ამის დოკუმენტის შინაარსის შესახებ საზოგადოებას არ აქვს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე”.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები პროაქტიულად უნდა ქვეყნდებოდეს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას ადმინისტრაცია 2020 წლიდან უგულებელყოფს.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს” (IDFI) არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ 2020 წლის მარტიდან შეწყვიტა ვებგვერდზე განკარგულებების გამოქვეყნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება მას კანონმდებლობით აქვს დაკისრებული.

კერძოდ, მთავრობის რეგლამენტის 22-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, [] მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე და „ელექტ­რო­ნული მთავ­რობის“ პროგ­რამაში.

სხვა განკარგულებების მსგავსად არც მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ განკარგულება გამხდარა საჯარო – ის არაა ატვირთული არც მთავრობის ადმინისტრაციის და არც საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

გამომდინარე იქიდან, რომ „პუბლიკისთვის” აღნიშნული პრაქტიკა ცნობილია, გამოცემამ 11 დეკემბერსავე მიმართა ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის წესით და მოითხოვა აღნიშნული განკარგულება და სტრატეგიის დოკუმენტი. უწყების კანცელარიაში ჩვენი განცხადება იმავე დღესვე დარეგისტრირდა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ხოლო თუ გამოთხოვილ ინფორმაციას სჭირდება დამუშავება ან სხვა უწყებებთან კონსულტაცია – არაუგვიანეს 10 დღისა. 

თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს. „პუბლიკას” მსგავსი წერილი არ მიუღია.

მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცებული დოკუმენტის ელექტრონულად გადმოგზავნას 10 დღე არ სჭირდება და არც შესაბამისი კომუნიკაცია ყოფილა ადმინისტრაციიდან, გამოცემა, ამბის გაშუქებამდე, მაქსიმალური ვადის გასვლას მაინც დაელოდა.

10 დღე 22 დეკემბერს ამოიწურა. დღეს, 25 დეკემბერს დავუკავშირდით უწყების კანცელარიას, სადაც განგვიცხადეს, რომ „ჩვენი განცხადება იურისტებთან არის მოსამზადებლად”. ჩვენ ვერ შევძელით უშუალოდ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან გასაუბრება, ვინაიდან საკონტაქტო ინფორმაცია ვებგვერდზე მითითებული არაა.

ვადების დარღვევის მიუხედავად გასცემს თუ არა უწყება მოთხოვნილ ინფორმაციას, ადმინისტრაციის პრესსამსახურის დახმარებით ვცდილობთ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

ამასთან, რატომ არ ავრცელებს მთავრობა განკარგულებებს, ეს შეკითხვა დაუსვეს 11 დეკემბერს რევაზ ჯაველიძეს ბრიფინგზე. გთავაზობთ მის კომენტარს:

გაუარესებული ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე

წლების განმავლობაში საქართველოში ორგანიზაცია IDFI ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მუშაობას და წლებია აწარმოებს სტატისტიკას საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

მონიტორინგის შედეგად IDFI აცხადებს, რომ 2022 წლიდან საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. მაგალითად, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი იყო. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად გააუარესეს სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა, რომლებიც მასშტაბურად უპასუხოდ ტოვებენ IDFI-ს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პოლიტიკა კვლავ აქტიურად გაგრძელდა 2023 წელსაც.