„ევროპელი მწვანეები": ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები დაასრულებს ქვეყანაში „ოცნების" მმართველობას

პუბლიკა

ევროპული პოლიტიკური პარტია „ევროპელი მწვანეები“ რუსულ კანონთან და საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციაში მონაწილე ქართველებს სოლიდარობას უცხადებს.

პარტია იმედოვნებს, რომ „არჩევნები დაასრულებს „ოცნების“ მმართველობას ქვეყანაში“. ისინი გმობენ პოლიციის მიერ მომიტინგეებზე ძალის არასაჭირო გამოყენებას.

„საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროპელი მწვანეები მხარს უჭერენ თავიანთი უფლებებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, პასუხისმგებლობა მოეთხოვოს საქართველოს მთავრობას და მის ქმედებებს. ეს კანონპროექტი არის კრემლის შთაგონებული და მიზნად ისახავს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმებას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და უფლებებს”, – ამბობს ევროპელ მწვანეთა ლიდერი, კანდიდატი ტერი რეინკე.

„ეს კანონპროექტი აშკარად არ შეესაბამება ქვეყნის მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნები დაასრულებს „ქართული ოცნების” მმართველობას ქვეყანაში და ქვეყანა გააგრძელებს გზას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ”, – აცხადებს ბას ეიკჰაუტი.