ვრცელი პასუხი მოკლე კითხვაზე: კარგი არაფერი ხდება?
ნესტან ნენე კვინიკაძე
წელს, აგვისტოში, თბილისის აეროპორტში ბავშვების თანხლებით დაბრუნებული, ნახევრადმძინარე, მორჩილად ველოდი პასპორტში ბეჭდის დასმას. მოულოდნელად, მესაზღვრემ ხმამაღლა, უცერემონიოდ და ზიზღით სავსე ინტონაციით თქვა – “დამპალი მიუნხენი”. ერთ წამში, თავში, სამიოდე ვერსიამ გამიელვა, მაგრამ არც ერთი არ იყო ჭეშმარიტი.”ერთი საათი მიგვიანებს”, – დააყოლა და მესაზღვრემ, რიგში სხვას მოუხმო.
კოდური წინადადება გაიშიფრა – ლუფთანზას რეისი იგვიანებდა.
ვიცი, იმის საილუსტრაციოდ, წლიდან-წლამდე გაუსაძლისმა უმეცრებამ, სიბრიყვემ და უცერემონიობამ ძალები რომ საგრძნობლად მოიკრიბა, ბევრად მტკიცე და დამაჯერებელი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ მე ეს ვარჩიე.
შესაძლოა, იმ კონტრასტის გათვალისწინებითაც, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ფრანკფურტში გამგზავრებისას კეთილგანწყობილ მესაზღვრეებს ნამდვილად არაერთხელ უკითხავთ წიგნის ბაზრობაზე ქართველების მონაწილეობის შესახებ. მაისში კი, – კანის კინოფესტივალზე ჩვენი ფილმების პოზიციონირებითაც აქტიურად ინტერესდებოდნენ.
ალბათ, კიდევ იმიტომ ჩამრჩა ეს ამბავი, რომ ბავშვებს, მათთვის სასარგებლოდ, იმედები გავუცრუე: უზნეობის ჟამს მუდმივად მოჩხუბარ დედას, დაღლილი და შეშინებული თვალებით ამომხედეს და ჩემ კომენტარს დაელოდნენ. მე კი გავჩუმდი. ან, რა უნდა მეთქვა? რატომაა მიუნხენი დამპალი? თუ, ის, რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა ამის თქმა?! “დამპალი” – იქნებ, საერთოდაც, საერთაშორისო ავია-ლინგვისტიკაში ასე მოიხსენიებენ ყველა დაგვიანებულ რეისს. არ ვიცი. მე ის ვიცი, ნაკლებად ვჩხუბობთ. ნაკლებად ვბრაზდებით.
გემახსოვრებათ, სოციალურ ქსელში თითქმის ტრენდი იყო: მომხმარებელი დიდი მონდომებით აზიარებდა ფოტოებს, ვიდეოებს, გნებავთ, მშრალ სტატუსებს იმის შესახებ, თუ როგორ მისცა შენიშვნა უსამართლო ეპიზოდის პროტაგონისტს; როგორ იჩხუბა უკანონო მშენებლობის გამო; როგორ არ დაელაპარაკა რუსს რუსულად; ვხედავდით მასალას საოკუპაციო ხაზიდან; ვადაგასული პროდუქციის ფოტოკოლაჟების გამოფენები გახსოვთ?გაძვირებული პროდუქცია?
თავი ვერ მოვაბი ადგილობრივი წარმოების კარაქის ფასის მხილებას; ვბრაზობ, მაგრამ არ ვწერ.
რა დროს გაძვირებული კარაქია? რუსი მესაზღვრე საკუთარ სოფელში საქართველოს მოქალაქეს ესვრის და სიკვდილამდე, კაცთან მიახლოების ნებას ქართველ პოლიციელებსაც არ აძლევს. რა დროს რძის პროდუქტია,-სტიქია ათობით ადამიანს კლავს… იძულებითი ემიგრაცია უმაღლეს ნიშნულზეა.
ოჯახის კეთილდღეობისთვის სამუშაოდ იტალიაში წასული დედა ახლა ჩამოვა, რადგან 7 თებერვალს მოვარდნილ მეწყერს მისი ქმარი და სამი შვილი ემსხვერპლა. ქმარი და სამი შვილი!
ჩვენი მძიმე ყოფის ამსახველ ქრონიკაში, უკვე ასობით ამბავია, სადაც დედა იძულებით ემიგრაციაშია და სამშობლოში სწორედ უკიდურესად ტრაგიკული ამბის გამო ბრუნდება.
მიზეზი შეიძლება იყოს მოზარდის თვითმკვლელობა; ავტოკატასტროფა; მკვლელობა, თუ სტიქიური უბედურება.
იძულებითი ემიგრაციის შინაარსი მასშტაბური და მრავალშრიანია. დედებისა და შვილების მრავალწლიანი დისტანცირება ჩვენ მოცემულობას დაუნდობლად განსაზღვრავს: საქართველოში ბავშვების დიდ ნაწილს წასული დედა ენატრება.
ამას წინათ, ტელე-გადაცემაში, მშვენიერი სპეციალისტი გულმოდგინედ გვირჩევდა, რომ სანამ შვილებისთვის საბავშვო ბაღს და სკოლას შევარჩევთ, დედა აუცილებლად უნდა ეწვიოს და თავად გაიცნოს ეს ადგილები; რომ დედა მაქსიმალურად კარგად უნდა იცნობდეს შვილის ფსიქოტიპს. რომ ძილის წინ შვილისთვის ზღაპრების კითხვა უმნიშვნელოვანესია… ბევრი აკოცეთ… ხშირად შეაქეთ… არ დააძალოთ მეცადინეობა… ჩოგბურთი ძალიან კარგია კონცენტრაციის დასახვეწად; თიხით ძერწვა…კარატე…
სპეციალისტების მიერ ამ უწყინაირი და საჭირო ინფორმაციის გაზიარებას უთუოდ სასარგებლო და კეთილსინდისიერი მიზანი აქვს. მაგრამ სად არიან დედები?
ვფიქრობ, დღეს, ნებისმიერი ამბის, შეგონების და სიტუაციის აღქმა ამ კონტექსტის გააზრების გარეშე შეუძლებელია.
საქართველოში არ არსებობს ოჯახი,რომელსაც პირდაპირი და ირიბი კავშირი არა აქვს იძულებითი ემიგრაციის სირთულეებთან.
საქართველოს უკვე ჰყავს ბებია-ბაბუების (მათი როლი ამ მხრივაც განუზომელია) გაზრდილი თაობა. მეტიც, თანამედროვე საქართველო, უმოქმედობის და უპასუხისმგებლობის მიზეზად ასეთი თაობის ახალ ნაკადსაც გულისხმობს.
ჩვენ კი, ვსხედვართ გლამურულ ტელე-სტუდიებში და მაკიაჟით თავდაჯერებულები, უფროსი თაობის ცრურწმენებს და ჩვენი წარმოდგენით შეცდომებს ვამხელთ:
რომ თითქოს არ შეიძლება 38.5 ტემპერატურის დროს ბავშვისთვის სიცხის დამწევი საშუალების მიცემა; რომ არაა აუცილებელი ბავშვს ჭამა დააძალო; მოზარდ ბიჭებს საყურის გაკეთება აუკრძალო.
დედები არ არიან და შესაბამისად, გამოდის, რომ ბებიებს, საოჯახო საქმის პარალელურად, ბავშვის ფსიქოტიპზე დაკვირვებას, გაჯეტების მოხმარების კონტროლს, პორნოსაიტების დაბლოკვას, ნარკოტიკულ საშუალებებში გაცნობიერებას, მოზარდების ჰუდებში შემალვის გარდაუვალობისთვის თვალის გასწორებას, რეპის დაფასებას და პრეზერვატივის გამოყენების აუცილებლობაზე აქცენტს ვავალებთ.
ცხადია, ემიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა, მაგრამ საქართველოს მასშტაბისთვის, აქ სიტყვა გამოწვევა უადგილოა, მას ტრაგედია ჰქვია და ის საგანგაშოა.
ფიზიკური, ემოციური და ფილოსოფიური ობლობა თავის შედეგს იღებს.
მტრის ხელში სიტყვა “მშვიდობა” მტკიცე მნიშვნელობას იძენს. ვარაუდი კი არა, ჭეშმარიტება ყოფილა: წლების განმავლობაში დათრგუნულ და დაბეჩავებულ ადამიანს სძულდება არა ის, ვინც მას ეს მდგომარეობა შეუქმნა, არამედ ის, ვინც მას წინააღმდეგობისაკენ მოუწოდებს.
არადა, რა მკაფიო სურათი გვაქვს: გაიხსენეთ ვინ წყვეტს ააფრინოს თუ არა ვერტმფრენი მეწყერში დამარხული ადამიანების დასახმარებლად? ვინ წერს კანონს?… ვინ მიგვითითებს ფილმების დასასრული მელანქოლიური იყოს, თუ ბედნიერი?
თითქოს, ყველაფერი წაგვართვეს.
მგონი, ჩვენ მოსაფიქრებელ სიუჟეტებსაც სხვები იგონებენ:ცნობილი ინფლუენსერები იტყვიან ასე, ბრეხტისეულად – წელს, რაღაც, არ ვარგოდა საზამთრო.
რესურსგამოცლილ, დესტრუქციულ დისკურსში კი შეგვრჩება კამათი თემაზე ვინ უფრო უბედურია, – კაცი, რომლის მცირეწლოვანი შვილიც ჰამასის ტყვეა, თუ ღაზელები, – უსახსრობისაგან, მიცვალებულების გადაასაადგილებლად ნაყინის მანქანა-მაცივარი რომ ჩაურთავთ საქმეში. სხვა რომ არაფერი გავიხსენოთ, რა შეიძლება იყოს ამაზე მძიმე სანახავი – ბედნიერი, ნაყინიანი ბავშვების ფოტოებით დაპრინტული სატვირთო მანქანა-მაცივარი, ნაყინის ნაცვლად, ასეთივე ბავშვების გვამებს რომ ინახავს.
მაინც ვკამათობთ.
გლობალური კატაკლიზმებით, ადგილობრივი უსამართლობით გულგახეთქილები, ჩვენ კი ვამბობთ, რომ საბოლოოდ მაინც ჭეშმარიტება და ღირებული აზრი გაიმარჯვებს. მაგრამ…
ასეთი ამბავი არსებობს, თითქოს, მომაკვდავ ჰენრიკ იბსენს, უკანასკნელი სიტყვა გაბრაზებით წამოუძახია: ”პირიქით”. ამავე გადმოცემით, სავარაუდოდ, მწერალმა ეს მაშინ თქვა, როდესაც იქ მყოფი არწმუნებდა, რომ ავადმყოფი იბსენი გამოკეთების გზაზე იყო.