ჰერჩინსკი: ინტენსიური კონსულტაციებია ბრიუსელსა და თბილისს შორის, მათ შორის „ვეტინგზე" 

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „ბრიუსელსა და თბილისს შორის მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ევროკომისიის 9-ვე რეკომენდაციის შესრულებაზე, მათ შორის, ე.წ ვეტინგზეც.

„რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას და ვეტინგს, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეტანილ იქნა ყოველიურ მოხსენებაში საქართველოს შესახებ. დისკუსიები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს, ამჟამდა მიმდინარეობს. მე იმედი მაქვს, ევროკომისია და საქართველო შეთანხმდებიან იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს კი შეფასებული იქნება გაფართოების შემდეგ მოხსენებაში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნება. ახლა ინტენსიური კონსულტაციებია ბრიუსელსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის 9-ვე რეკომენდაციაზე, მათ შორის, ვეტინგზე. ჩვენ უნდა დავიცადოთ ოქტომბრამდე და დეკემბრამდე. ჩვენ ახლა ვიწყებთ გაფართოების შესახებ მოხსენების მომზადებას და გვაქვს კონსულტაციები პრაქტიკულად ყველასთან”. – თქვა დღეს, 26 თებერვალს პაველ ჰერჩინსკიმ [„მთავარი არხის” თარგმანი].

„ვეტინგი” მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებაა – ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში. 

ირაკლი კობახიძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლებისთვის ეს რეკომენდაცია მიუღებელია. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „ვეტინგი” ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას.

დღეს კი შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „უცხო ქვეყანას არაფერი ესაქმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში”. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომემ აქცენტი კიდევ ერთხელ გააკეთა „უცხოურ დაფინანსებაზე”.

„მგონი, ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებს, თუ რა ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ზედმეტ დამოკიდებულებას უცხოურ ფულზე. დღეს ოპოზიცია ფაქტობრივად გვთავაზობს სუვერენიტეტის დათმობას მაშინ, როცა ამბობს, რომ უცხოელებმა უნდა დანიშნონ საქართველოში მოსამართლეები. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს 30 წლიან დამოუკიდებლობის ისტორიას, ჩვენს ისტორიულ მისწრაფებებს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის.

თუ საერთოდ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან და „ენჯეოებმა“ და დონორებმა მართონ ეს ქვეყანა, გვითხრან. ეს ნელ-ნელა სცდება ყველანაირ ზღვარს სუვერენიტეტის პატივისცემისა, როცა დონორები მათ მიერ დაფინანსებული “ენჯეოების” პირით გვეუბნებიან, რომ მათ უნდა დანიშნონ მოსამართლეები საქართველოში”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილია 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის პირობებში უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ერთ-ერთი პირობაა ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ე.წ ვეტინგს, ანუ კეთილსინდისერების შესამოწმებლად მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას მიმართეს, არიან: უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.