კობახიძე ეწინააღმდეგება EU-ის რეკომენდაციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს.

კობახიძის თქმით, „კანონის საფუძველზე იქმნება არაფორმალური ჯგუფი, მათ შორის, უცხოელების მონაწილეობითაც, რომლებიც მოსამართლეებს გადახედავენ”.

„შეიძლება, ეს ყველაფერი დასრულდეს მათი სისტემიდან გაშვებით, რაც არის ანტიკონსტიტუციური მოვლენა არა მარტო ქმედებით, არამედ მატერიალური თვალსაზრისით, თავისი არსით ეწინააღმდეგება ასეთი რამ კონსტიტუციასა და მის სულისკვეთებას”. – თქვა მან.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ე.წ ვეთინგს, ანუ კეთილსინდისერების შესამოწმებლად მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას მიმართეს, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი არიან.

ირაკლი კობახიძის შეფასებით კი, „ასეთ დარღვევას აქვს ადგილი სხვადასხვა ქვეყანაში”.

„ერთ-ერთ ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ქალბატონი ნონა წოწორია არის ჩართული, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო. ვინც სწორედ მსგავსი მეთოდი გამოიყენა საქართველოში სასამართლო სისტემაზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, იმ ადამიანის მოადგილე დღეს სხვა ქვეყანაში იმავე მეთოდს იყენებს. ვნახოთ, რით დასრულდება, მაგრამ წოწორიას რეფორმა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მის სულისკვეთებას და გარდა ამისა, ვეთინგი არის იმის აღიარება, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო. ეს არის შესაბამისი ქვეყნების უფლება.

უკრაინას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მოლდოვასაც შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ საქართველო არ არის შემდგარი სახელმწიფო. იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცებისგან განსხვავებით, საქართველო ნამდვილად არის შემდგარი სახელმწიფო, ინსტიტუციურად გამართული სახელმწიფო. ამიტომ წოწორიას რეფორმა ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება“, — თქვა ირაკლი კობახიძემ.