აზარაშვილი: როცა დავინიშნე, ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ, ზურაბ აზარაშვილმა ფეისბუქ-პოსტში საქმიანობის 2 წელი შეაჯამა და თანამდებობაზე ყოფნის სირთულეებზეც ისაუბრა. აზარაშვილი თანამდებობაზე 2021 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. მან ეკატერინე ტიკარაძე ჩაანაცვლა.

პოსტში ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც, მისი თქმით, წარმატებულად განახორციელა ან დღემდე პრობლემურია.

ექსმინისტრის თქმით, მისი დანიშვნის დროისთვის „ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი – მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკისა და ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები”.

„სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი – პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა. თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა”. – დაწერა მან.

ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა დრჯ სისტემაზე, რომელიც, ჯანდაცვის უწყების მაშინდელი განმარტებთ, „ბაზარზე არსებული კლინიკების ფასიდან სხვადასხვა მომსახურებაზე თუ სერვისზე სამართლიან ფასს თვლის და ამ სამართლიანი ფასით სახელმწიფო ანაზღაურებს”.

აზარაშვილის შეფასებით, „დრჯ-ის დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა“.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე საუბრობს წამლების რეფერენტულ ფასებზე, რაც, მისი თქმით, „ასევე ხმაურის ფონზე დაინერგა”.

„საერთო ჯამში, თურქეთის ბაზრის გახსნით, რეფერენტული ფასების დაწესებით და ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებიდან შესყიდვით წლიურად 400 მლნ ლარი იზოგება.

რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ მოგვცა შესაძლებლობა, 2024 წლიდან სრულად მოგვეხსნა ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი და 350 000 ადამიანს ყოველდღიურად, სრულიად უფასოდ, მთელი წლის მანძილზე მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები. დაინერგა ელექტრონული რეცეპტები, აფთიაქებს გაუჩნდათ ბაზების სამინისტროსთვის გახსნის ვალდებულება“. – დაწერა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე განცხადებით, სწორედ აქედან გამომდინარე „გამოავლინა სამინისტრომ კარტელური გარიგების ფაქტი,რომელიც კონკურენციის სააგენტომ დაადასტურა და 53 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ კომპანიებს, რამდენიმე ფარმაკომპანიის ჭარბი 3000%-იანი ზემოგების საქმე კი კონკურენციის სააგენტოში განხილვის პროცესშია”.

აზარაშვილი ასევე წერს, რომ პაციენტის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში სამინისტრო რეალურ დროში აკონტროლებს ჭარბი ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და არასაჭირო მედიკამენტების ანგარების მიზნით გამოწერას.

„ამ უმწვავესი გამოწვევის მოსაგვარებლად დაწყებულია მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ქვეყანაში ე.წ სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში”.

ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ ხელფასი 21 000-ზე მეტ ადამიანს გაეზარდა.

მისივე თქმით, დიაბეტიანი ბავშვები უკვე სრულად არიან უზრუნველყოფილნი 14 დასახელების საჭირო ფარმაცევტული საშუალებებით და პროგრამის ხელმისაწვდომობით მთელ ქვეყანაში.

აზარაშვილის თქმით, მოწესრიგდა წამლის და სამედიცინო მოწყობილობების კვლევა ადამიანებზე.

დიალიზის სერვისი 15 ქალაქში, ჯამში 49 ადგილას არის ხელმისაწვდომი.

ზურაბ აზარაშვილი წარმატებად მიიჩნევს სუროგაციის შეზღუდვის კანონპროექტს.

„უკვე პარლამენტში განსახილველად მივიტანეთ და უნდა დაიცვას ყველა ქართველის ეროვნული ინტერესი”. – წერს ის.

ყოფილი მინისტრის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სერიოზული პრობლემები იყო კლინიკებთან გარიგების კუთხით, რის გადასაზღვევადაც წარმატებით ამოქმედდა ჰოსპიტალიზაციის ავტომატიზებული მოდული.

ზურაბ აზარაშვილი წერს, რომ „მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილია რეანომობილის სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომობის გარდა, ასევე უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან არასაჭირო თანხის გადაუხდელობას კერძო კომპანიების ბრიგადებისთვის”.

ყოფილი მინისტრის თქმით, დაწყებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მოიცავს ექიმების აკრედიტაციას, რესერტიფიცირებას, წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას.

„უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვება, რომელიც შინაარსობრივად და ვადაში ებმოდა ახალი რესპუბლიკური კლინიკის გახსნას და უკვე უკან დაბრუნებული ექიმები მყარი ფინანსური და თანამდებობრივი გარანტიებით უნდა დასაქმებულიყვნენ სახელმწიფო კლინიკებში.

ასევე, უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში შესაძლებელია მრავალპროფილური სასწავლო ცენტრის გახსნა, სადაც სპეციალური სასწავლო პროგრამებით, სამინისტროში შემავალ ყველა ერთეულს ექნება გადამზადებისა და ტრენინგის შესაძლებლობა. კიდევ არაერთი რეფორმა, სტანდარტი (ქირურგია, ბარიატრია, სტომატოლოგია, ნარკოცენტრები, ონკოლოგია, სასწრაფო დახმარების მანქანები და ა.შ) თუ ინიციატივა გავატარეთ”. – წერს აზარაშვილი.