აზარაშვილი: მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წელი ვინარჩუნებდი პოსტს

პუბლიკა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი „ფეისბუქზე” ვრცელ პოსტს აქვეყნებს და თანამდებობაზე ყოფნის საქმიანობას აჯამებს.

მისი თქმით, „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ინარჩუნებდა პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დატოვა დროებითი თანამდებობა”.

ფეისბუქ-პოსტში ზურაბ აზარაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა და თქვა, რომ სწორედ მისი მხარდაჭერით „გახდა შესაძლებელი სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება”.

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. მაშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ჯანდაცვის მინისტრობამდე 10 თვის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

პოსტი მან 2024 წლის 29 თებერვალს დატოვა მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „ესაუბრა”.

ზურაბ აზაშვილი წერს, რომ „ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს გვავიწყდება, ვინ ვართ”.

მისი თქმით, მაშინ, როცა ის მინისტრად დაინიშნა, „ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი – მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები”.

თავის ფეისბუქ-პოსტში აზარაშვილი სხვადასხვა პროექტზე ლაპარაკობს, რომლებსაც წარმატებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ „საამაყო გუნდთან ერთად შეძლო, ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დაეწერა”.

ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი წერს რესპუბლიკურ საავადმყოფოზეც, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის და მის ინიციატივით უნდა დანგრეულიყო. თუმცა, ირაკლი კობახიძის პირობებში პროცესი შეჩერდა.

„ბოლო 20 წელია, შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე”. – წერს ზურაბ აზარაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მის „ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა”.

„რაც, დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარ-აქტივობაზე.

ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა”. – წერს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.