ამილახვარი: შემოდის ცნება „ონლაინ უნივერსიტეტი", შესაძლებელი ხდება დისტანციურად სწავლება

პუბლიკა

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის თქმით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე დისტანციურად სწავლება იქნება შესაძლებელი.

მისი განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა.

საქმე ეხება როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას.

ნაწილობრივ დისტანციურ, ან სრულად დისტანციურ პროგრამებზე  სწავლის შესაძლებლობა მიეცემა როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ სტუდენტებს.

მინისტრის თქმით, სიახლე შეეხება უმაღლეს და ზოგ შემთხვევაში, პროფესიულ განათლებას

ამილახვარი ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე რამდენიმე თვეა, მუშაობენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები.

ასევე, ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად დისტანციურად ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის”, – თქვა გიორგი ამილახვარმა.

ასევე იგეგმება, რომ კანონში გაჩნდეს ცნება „ონლაინ უნივერსიტეტი”. განათლების სამინისტროს დაევალება შესაბამისი კონცეფციის მოდელისა და სტანდარტის შემუშავება.

კანონპროექტით, დასაშვები ხდება და ახლებურად დარეგულირდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება:

პირველ ეტაპზე ცვლილება შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებს. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირს განათლება მიღებული აქვს:

იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება შეეხება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არ მოიცავს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების  კომპონენტებს და ითვალისწინებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების სტუდენტის მიერ არადისტანციური ფორმით ჩაბარებას.