მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას კიდევ სამი მოსამართლე ემხრობა

პუბლიკა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარს უჭერს.

წიკლაური facebook-ზე კოლეგების – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ქეთი მესხიშვილისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მადონა მაისურაძის კომენტარს აზიარებს და წერს, რომ ეთანხმება მათ:

„სრულიად ვეთანხმები კოლეგებს. კეთილსინდისიერება ისედაც წარმოადგენს მოსამართლეობის კრიტერიუმს. ამიტომ, ეს დაბრკოლება არ უნდა იყოს. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს. მზად ვარ ისევ გავიარო აღნიშნული ტესტი”, – წერს წიკლაური.

ქეთი მესხიშვილმა და მადონა მაისურაძემ წერილობითი კომენტარი „მთავარი არხს” მისცეს. მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ექნებათ მზაობა ნებისმიერი შემოწმების გავლის.

ქეთი მესხიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე: „დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა, წინ ევროინტეგრაციის პროცესია, ამიტომ ყველა იმ რეფორმის გატარების მომხრე ვარ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდას მოემსახურება.

ვეტინგი საკმაოდ კომპლექსური პროცედურაა და მაღალი რისკების მატარებელიც, თუ პროფესიონალურ დონეზე არ ჩატარდა. მიუხედავად ამისა, საჭიროების შემთხვევაში მექნება მზაობა ნებისმიერი შემოწმების გავლის, იქნება ეს კეთილსინდისიერების, თუ პროფესიონალური ტესტი. არ ვისურვებდი, როგორც მოსამართლე გავმხდარიყავი რაიმე სახის დაბრკოლება, ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში”.

მადონა მაისურაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე: „როგორც ცნობილია, გასულ წელს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების მიზნებისთვის, საქართველოსთან ერთად, სხვა ქვეყნებსაც დაევალა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება. 9-პუნქტიანი გეგმიდან ეს ერთ-ერთია. ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შესაძლებლობა არ დავკარგოთ. მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის ერთ- ერთი კრიტერიუმი ისედაც არის კეთილსინდისიერება და ამიტომ ამ კუთხით არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენს. ვინაიდან არ ვიცი უზენაესი სასამართლოს უარის მიზეზი, გამიჭირდება განცხადების შეფასება.

მოსამართლეები როგორც დანიშვნის, ისე უფლებამოსილების მთელ ვადაზე უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მოთხოვნას. მზად ვარ ჩემი კეთილსინდისიერება გადაამოწმონ. ჩემი შემოსავალი ისედაც საჯაროა და შესაბამისად ყველა მონაცემია ასახული სახელფასო ანგარიშზე”.


8 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელშიც საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.