ჯანეზაშვილი უზენაესის მოსამართლეებზე: მნიშვნელოვანია, სისტემიდან განსხვავებული ხმა ისმოდეს

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური არ იზიარებენ ე.წ. ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებულ განცხადებას.

მოსამართლეებს საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ, რატომ არ დაეთანხმნენ ისინი განცხადების შინაარსს, თუმცა, ინფორმაცია მოსამართლე ნინო ბაქაქურმა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა.

პლენუმის იმ სხდომის ოქმი, რომელზეც განცხადება შემუშავდა, ჯერჯერობით საჯარო არ არის.

საუბარია 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლო ე.წ. ვეტინგის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადებაში მითითებული არ არის, რამდენი მოსამართლე უჭერს მხარს ამ ტექსტს.

„როდესაც უზენაესმა სასამართლომ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ყველა მოსამართლესთან არ იყო შეთანხმებული ეს საკითხი და იქვე უნდა ყოფილიყო განმარტებული, რომ ზოგი მოსამართლე არ ეთანხმებოდა ამ აზრს და ეს არ უნდა ყოფილიყო ისე წარმოჩენილი, რომ ესაა ყველა მოსამართლის პოზიცია“, – ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის, გურო იმნაძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ მხოლოდ 2 მოსამართლე არ დაეთანხმა განცხადებას.

„ნებისმიერი ტიპის განსხვავებული აზრი აღიქმება მტრობად და ბრძოლად სასამართლოს წინააღმდეგ, რაც არ არის ჯანსაღი. მართლმსაჯულების სისტემაში უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი“, – ამბობს იმნაძე.

„სასამართლოს გუშაგის“ თავმჯდომარე, ნაზი ჯანეზაშვილი იზიარებს იმნაძის პოზიციას, რომ მნიშვნელოვანია, განსხვავებული ხმა ისმოდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეების განსხვავებული ხმა სისტემიდან ისმოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ისინი იზიარებენ მურუსიძის, ჩინჩალაძის და იმ ხალხის აზრს, რომ მათი კეთილსინდისიერება არ ექვემდებარება შემოწმებას“, – ამბობს ჯანეზაშვილი.


8 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელშიც საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.

ხელისუფლება არ აპირებს ე.წ. ვეტინგის დანერგვას. ისინი მიიჩნევენ, რომ პროცესი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს.

ვეტინგს ეწინააღმდეგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაა.

სამოქალაქო ორგანიზაციებს კი მიაჩნია, რომ ხელისუფლება კლანის წევრების „ვეტინგზე” უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.