ომბუდსმენმა ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან არექოლოგების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა დასკვნა არქეოლოგების საქმეზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან თითქმის 1 წელია, გათხრების დაწყებაზე ნებართვას ვერ იღებენ.

ომბუდსმენის დასკვნით, გიორგი ბიძინაშვილის შემთხვევა და მოვლენებსა და მოქმედებების განვითარების თანმიმდევრობა ადასტურებს, რომ ნებართვის გაუცემლობა  განპირობებულია მათ მიერ გამოხატული განსხვავებული მოსაზრებებითა და პოზიციებით.

2023 წლის ნოემბერში არქეოლოგები ამბობდნენ, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო მათ სჯის სამუზეუმო სისტემაში მინისტრ წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო. ნებართვის დაგვიანებით კი, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ქვეყნის სამეცნიერო რეპუტაციას და ნადგურდება ძეგლები.

გიორგი ბიძინაშვილი სამუშაოების უფლებას ოროზმანის ძეგლზე ითხოვს. ოროზმანიში 2022 წლის სექტემბერში უძველესი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა, ამ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, რომელიც კულტურის სამინისტროს ექვემდებარება, წარმოდგენილი საპასუხო პოზიციებით ვერ დაძლიეს მათ მიერ დისკრიმინაციის განუხორციელებლობის მტკიცების ტვირთი.

შესაბამისად, გიორგი ბიძინაშვილის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ასახული ფაქტები და გარემოებები სახალხო დამცველმა მიიჩნია საკმარის საფუძვლად დისკრიმინაციის დასადგენად და მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

შესაბამისად, ფაქტების, მტკიცებულებებისა და სამართლებრივი სტანდარტების შეჯერებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიმართ, მოპასუხეების მხრიდან ადგილი აქვს მის პირად ცხოვრებასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას განსხვავებული აზრის/მოსაზრებების გამო.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მიმართავს რეკომენდაციით:

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს:

  • მომავალში უზრუნველყოს სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულ პირთა ეროვნული მუზეუმის სამუშაო ოთახებში დაშვება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს:

  • კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, გასცეს გიორგი ბიძინაშვილზე ოროზმანის არქეოლოგიურ ობიექტზე მის მიერ მოთხოვნილი არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • როგორც ზედამხედველმა უწყებამ, მონიტორინგი გაუწიოს მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს;
  • უზრუნველყოს შიდაორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა, ხოლო ასეთი პოლიტიკის დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი დროული შემუშავება.

სახალხო დამცველის დასკვნას და რეკომენდაციას ეროვნული მუზეუმი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ ეთანხმება დისკრიმინაციის ფაქტს, „ხოლო სახალხო დამცველის რეკომენდაცია უსაგნოა, ვინაიდან მრავალი თვეა, რაც ის ისედაც სრულდება.

კერძოდ, მუზეუმის განცხადებით, ჯერ კიდევ საქმის გარემოებების შესწავლის ეტაპზე, სახალხო დამცველს აცნობა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ გიორგი ბიძინაშვილი აღარ მუშაობს ეროვნულ მუზეუმში, შეუფერხებლად უშვებენ ეროვნული მუზეუმის შიდა ტერიტორიაზე.

„მას თავისუფლად შეუძლია განახორციელოს სამეცნიერო საქმიანობა საგრანტო პროექტის ფარგლებში, რასაც ადასტურებს მისი 97 (ოთხმოცდაჩვიდმეტი) ვიზიტი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობაში ვიზიტორთა დაშვებისა და გადაადგილების მონაცემები არ აღირიცხებოდა 2023 წლის 9 იანვრამდე, ხოლო აღნიშნული თარიღის შემდგომ, 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით, მოქალაქე გიორგი ბიძინაშვილი მუზეუმში შემოსულია 150-ჯერ (სამეცნიერო საქმიანობის ან/და ყოფილი კოლეგების მონახულების მიზნით).

ამასთან, გიორგი ბიძინაშვილი თავად ადასტურებს, რომ 2023 წლის თებერვლიდან (აღრიცხვის წარმოებიდან) მას ხელი არ ეშლება ეროვნული მუზეუმის სამუშაო ოთახებში საქმიანობისას. მართლაც, არათუ სახეზე არაა დისკრიმინაცია და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, არამედ გიორგი ბიძინაშვილს აქვს სრული შესაძლებლობა მუზეუმის ტერიტორიაზე სამეცნიერო საქმიანობისთვის”. – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.