მე-7 თვეა, არქეოლოგებს გათხრებზე ნებართვას არ აძლევენ

პუბლიკა

არქეოლოგები გიორგი ბიძინაშვილი და ნიკოლოზ წიქარიძე მე-7 თვეა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არქეოლოგიურ გათხრების დაწყებაზე ნებართვას ვერ იღებენ. ნებართვის გამცემი უწყება კულტურის სამინისტროს ექვემდებარება.

არქეოლოგების განცხადებით, ძეგლთა დაცვის სააგენტო მათ სჯით სამუზეუმო სისტემაში მინისტრ წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო. ნებართვის დაგვიანებით კი, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ქვეყნის სამეცნიერო რეპუტაციას და ნადგურდება ძეგლები.

ნიკოლოზ წიქარიძე არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვას ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში ითხოვს, გიორგი ბიძინაშვილი კი  – ოროზმანის ძეგლზე. ოროზმანიში 2022 წლის სექტემბერში უძველესი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს.

ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში არქეოლოგიური გათხრები 2017 წელს განახლდა და 2020 წლამდე შეუფერხებლად მიმდინარეობდა. 2021 წელს ლუის ლიკის სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიგეს. ლუის ლიკის ფონდი პალეოანთროპოლოგიისა და ქვის ხანის არქეოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფონდია და ნიკოლოზ წიქარიძე პირველი მკვლევარია კავკასიაში, ვისი ხელმძღვანელობითაც იქნა მოპოვებული ეს გრანტი.

 „2022 წელს ჩაგვივარდა გათხრები, იმიტომ, რომ კულტურის სამინისტროში მოხდა ცვლილებები და განსაკუთრებით ეროვნულ მუზეუმში, სადაც ჩვენ ვმუშაობდით და ამ გუნდის დიდი ნაწილი გამოუშვეს ეროვნული მუზეუმიდან. შემდეგ უკვე, 2023 წელს, ივნისის ბოლოს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში შევიტანეთ გათხრების ნებართვაზე მოთხოვნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მე-7 თვეა პასუხს არ გვაძლევენ. ძეგლზე კულტურული ფენები ნადგურდება და ჩავარდა სეზონი ისევ, რაც დიდი რეპუტაციული დარტყმაა ქართული არქეოლოგიისთვის“, – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე.

არქეოლოგების თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არღვევს კანონს. „ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების პროფკავშირული ნიშნით დევნა. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ჩვენ ყველა დოკუმენტი და ყველანაირი უფლება გვაქვს, რომ გათხრები ვაწარმოოთ“, – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე.

გიორგი ბიძინაშვილმაც ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე გათხრების ნებართვისთვის 2023 წლის 29 მაისს მიმართა სააგენტოს და 7 თვის თავზე სააგენტოში გაგზავნილ სანებართვო წერილზე-დოკუმენტაციაზე არანაირი პასუხი არ მისვლია – არც დადებითი არც უარყოფითი.

არქეოლოგები განმარტავენ, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის  VII თავის, 26-ე მუხლის, მე-10 და მე-11 პუნქტები ადგენს, რომ ნებართვის გამცემი ვალდებულია, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში.

თუ აღნიშნულ ვადაში არ მიიღეს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად მიიჩნევა. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია, ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა.

ნებართვის გამცემი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა. ნიკოლოზ წიქარიძემ ნებართვის გაცემისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გასცეს არქეოლოგიური გათხრების სანებართვო მოწმობა.

სანებართვო მოწმობა ოფიციალური წერილით მოითხოვა გიორგი ბიძინაშვილმაც, თუმცა პასუხი მასაც არ მიუღია.