გუშინ ღამით უკრაინაზე რუსულ თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პუბლიკა

გუშინ ღამით უკრაინაზე რუსულ თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაშავდა, ასევე ათობით დაზიანებულ შენობებშია ჩარჩენილი.

უკრაინის საჰაერო სამხედრო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე იერიში 73 რაკეტითა და 656 დრონით მიიტანა. ძირითადი სამიზნეები კიევი, დნიპრო და აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქები – პოლტავა, ხარკივი და ზაპოროჟია იყო. 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40 რაკეტა და 602 დრონი გაანადგურეს და გააუვნებელყვეს.

უკრაინული მხარე ასევე აცხადებს, რომ სულ მცირე 38 ლოკაციაზე დაფიქსირდა 30 ბალისტიკური რაკეტის, სამი ფრთოსანი რაკეტისა და 33 დრონის ჩამოვარდნა. განადგურებული დრონების ნამსხვრევები 15 სხვადასხვა ადგილას ჩამოვარდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ „ტელეგრამზე“ გავრცელებული განცხადების თანახმად, კიევში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კიევის რვა რაიონში დაზიანდა.

ქალაქ დნიპროზე განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. მეორე თავდასხმას, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც შემთხვევის ადგილზე მაშველები მივიდნენ, ერთი მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხარკივში სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტოფარეხები და ავტომობილები.

ხარკივში დაზიანდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ოთხსართულიანი კორპუსის ნაწილი, სადაც უფრო დიდი შენობის ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან ჩარჩენილი.

აფეთქებების ხმა თითქმის მთელი ღამისა და დილის განმავლობაში ისმოდა. კიევი კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსეთი ახალ იერიშს ამზადებდა, და მოუწოდა მათ, გამოეჩინათ სიფრთხილე და საჰაერო განგაშის დროს თავშესაფრებისთვის მიემართათ.

პოდილსკის რაიონში ნაწილობრივ დაზიანდა ცხრასართულიანი შენობის ზედა სართულები, რის გამოც ადამიანები ნანგრევებში მოყვნენ. სამაშველო ოპერაციები დილის საათებშიც გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდებოდა საჰაერო განგაშიც.

სოლომიანსკის რაიონში დაზიანდა 20-სართულიანი და 24-სართულიანი შენობები.

უკრაინის ხელისუფლება მოკავშირეებს სთხოვს მეტ საჰაერო თავდაცვის რაკეტას რუსეთის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აგრძელებს დრონების მაღალი პროცენტის ჩამოგდებას, ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო თავდაცვისთვის კვლავ მთავარ სისუსტედ რჩება.