საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა სომხეთიდან ელჩი გაიწვია

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

30 მაისს მოსკოვმა სომხეთში რუსეთის ელჩი, სერგეი კოპირკინი სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით „კონსულტაციებისთვის“ გაიწვია.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ერთი დღით ადრე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი/EAEU) წევრმა სახელმწიფოებმა სომხეთს მოუწოდეს, სასწრაფოდ ჩაატაროს რეფერენდუმი ორ ბლოკს შორის არჩევანის გასაკეთებლად.

მოსკოვმა სომხეთის ელჩი სომხეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე, 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიწვია.

უთანხმოების ტალღა ძირითადად მოჰყვა 1 აპრილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის გამართულ შეხვედრას, რომლის დროსაც პუტინმა გამოხატა სურვილი, რომ „პრორუსულ“ ძალებს შეძლებოდათ „ამ შიდაპოლიტიკურ მუშაობაში მონაწილეობა არჩევნების დროს“.

კოპირკინის გაწვევის წინა დღეს, 29 მაისს, ევრაზიული კავშირის სესიაზე, რომელიც ყაზახეთში გაიმართა, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს სომხეთს, „რაც შეიძლება მალე“ ჩაატაროს საყოველთაო რეფერენდუმი იმის შესახებ, სომხეთს ევროკავშირში გაწევრება სურს თუ ევრაზიულ კავშირში დარჩენა.

სესიაზე სომხეთს ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი წარმოადგენდა, ვინაიდან ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კამპანიას ატარებს.

ოთხმა ქვეყანამ სომხეთისადმი მიმართვა გააკეთა ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების „ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის არსებული მნიშვნელოვანი რისკების“ გათვალისწინებით, რაც გამომდინარეობს სომხეთის „ევროკავშირში გაწევრებისთვის მზადებიდან“ და შესაბამისად, „ევრაზიული კავშირისთვის ზიანის თავიდან აცილების აუცილებლობიდან“.

ოთხი ქვეყნის ლიდერებმა ასევე მიუთითეს, რომ ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნები მომავალ, 2026 წლის დეკემბრის შეხვედრაზე წარადგენენ ანგარიშს სომხეთის წევრობის „შეჩერების შესაძლო შედეგების“ შესახებ. თუმცა, ბლოკის რეგულაციების თანახმად, ქვეყნის გარიცხვა მხოლოდ მისივე მოთხოვნის საფუძველზეა შესაძლებელი.

ოთხი ქვეყნის განცხადებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე სომხეთში ევროკავშირსა და ევრაზიული კავშირის შორის არჩევანის შესახებ რეფერენდუმზე თავად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „რეფერენდუმმა უნდა განსაზღვროს სომხეთის გეოპოლიტიკური ტრაექტორია“.

პუტინმა დასძინა, რომ თუ სომეხი ხალხი ევროკავშირის გზას აირჩევს, „ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ და წავალთ რბილი, გონივრული და ორმხრივად მომგებიანი განქორწინების გზით“.

ევრაზიული კავშირის სესიის იმავე დღეს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთს „არ შეუძლია და არ უნდა“ გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან „ევრაზიული კავშირის ქვეყნების ფინანსების ხარჯზე“.

სომხეთი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას უგულებელყოფს

ნიკოლ ფაშინიანი, 2026 წლის მაისი. ოფიციალური ფოტო

1 ივნისს ნიკოლ ფაშინიანმა უგულებელყო სასწრაფო რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა და თქვა, რომ მისი მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ევრაზიული კავშირის ბლოკში „მანამ, სანამ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება გარდაუვალი არ გახდება“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ბლოკს შორის არჩევანი რეფერენდუმის საფუძველზე უნდა გაკეთდეს, თუმცა ამ ეტაპზე მისი ჩატარების საფუძველს ვერ ხედავს, რადგან ასეთი არჩევანი ამ დროისთვის „თეორიულია“.

„მანამ, სანამ სომხეთს ან ოფიციალურად არ ექნება შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არაგონივრული იქნებოდა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მანვე დასძინა, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას „მშვიდად და სტაბილურად, დავების გარეშე“ ევრაზიული კავშირის ფარგლებში.

ამავე დროს, ფაშინიანმა გაიმეორა, რომ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობები „ტრანსფორმაციას“ განიცდის და ამავდროულად ხაზი გაუსვა, რომ ისინი „მნიშვნელოვნად ავითარებენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ“ ამ ურთიერთობებს.

„ტრანსფორმაციის ფაზას პოზიტიურად მივიჩნევ, რადგან, დიახ, ამ ახალი სიტუაციის კონტექსტში, ჩვენ ვამყარებთ ახალ ურთიერთობებს რუსეთთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამას წარმატებით შევძლებთ“, – თქვა ფაშინიანმა.

1 ივნისს ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა ტელეფონითაც ისაუბრეს. სომხეთის ლიდერმა „მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს დაბალანსებული პოზიციისთვის არაერთ ისეთ საკითხზე რომლებმაც ეჭვები გააჩინა, ასევე მადლობა უთხრა მეგობრული ტონისა და მხარდაჭერისთვის“. სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მსჯელობას გააგრძელებენ შეხვედრის ფორმატში სათანადო შესაძლებლობისთანავე“.

29 მაისს, ევრაზიული კავშირის სესიის დასრულების შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და სომხეთს, ისევე როგორც მათ ხალხებს, „განსაკუთრებული ურთიერთობა“ აკავშირებთ.

მან გაიხსენა, რომ ფაშინიანს უთხრა: „ყველაფერი, რაც კარგია სომხებისთვის, მისაღები და კარგია რუსეთისთვის“ და დასძინა, რომ ნებისმიერი მომავალი გადაწყვეტილება „არ გააფუჭებს ჩვენს ჰუმანიტარულ კავშირებს, არ გააფუჭებს ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს“.

„მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია წმინდა ეკონომიკურ საკითხებზე. ყველაფერი უნდა გაითვალოს, გულდასმით იქნას შესწავლილი და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული“, – თქვა პუტინმა.

მან ასევე ისაუბრა შესაძლო სომხეთისთვის შესაძლო უარყოფით შედეგებზე, თუ ის თავს შორს დაიჭერს ევრაზიული კავშირისგან. უარყოფითი შედეგები მოიცავს მიგრაციის პირობების შეცვლას, სარკინიგზო ტარიფების გაზრდასა და ენერგომატარებლებზე ფასების მატებას. პუტინის თქმით, მოვლენების ასეთმა განვითარებამ შესაძლოა „სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 14%-ის დაკარგვა გამოიწვიოს“.

პუტინის ეს განცხადებები დაემთხვა რუსეთის მიერ რამდენიმე სომხური პროდუქტის, მათ შორის ხილის, ბოსტნეულის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყალი „ჯერმუკისა“ და ყვავილების იმპორტის შეჩერებას რეგულაციების სავარაუდო დარღვევების საბაბით.

ეს შეზღუდვები ფართოდ იქნა აღქმული, როგორც მოსკოვის მხრიდან სომხეთზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელება არჩევნების წინ – ინსტრუმენტი, რომელიც მოსკოვს არაერთხელ გამოუყენებია.

ამასთან დაკავშირებული შეშფოთება კიდევ უფრო გააღვივა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც ეყრდნობა გაჟონილ დოკუმენტებს, სადაც საუბარია რუსეთის მცდელობებზე, გავლენა მოახდინოს კენჭისყრის შედეგებზე.

ამ თემაზე სტატია ბოლოს 29 მაისს გამოქვეყნდა. Reuters, დასავლეთის დაზვერვის ხუთ ოფიციალურ პირსა და გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მოსკოვის გეგმები მოიცავდა „დეზინფორმაციულ კამპანიებს პრორუსი კანდიდატების სასარგებლოდ“, ასევე „ათიათასობით რუსი სომეხის“ ავტობუსებით სომხეთში ტრანსპორტირებას არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.