ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
რუსეთმა რამდენიმე სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა შეაჩერა იმ მიზეზით, რომ ისინი „სავალდებულო მოთხოვნებს არ შეესაბამება“. გარდა ამისა, მოსკოვმა სრულად აკრძალა სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ იმპორტი და გაყიდვა და დაიწყო სომხეთიდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის დამატებითი შემოწმება – ეს ყველაფერი ხდება სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ იგი სავაჭრო შეზღუდვებს მეზობელი ქვეყნების, მათ შორის სომხეთის წინააღმდეგ ეკონომიკური იძულების იარაღად იყენებს.
23 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგად სამი სომხური ქარხნის მიერ წარმოებული ალკოჰოლური სასმელები „სავალდებულო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა“.
„იმ პროდუქციის გაყიდვის თავიდან ასაცილებლად, რომელიც არ შეესაბამება სავალდებულო მოთხოვნებს, საცალო მოვაჭრეებსა და იმპორტიორებს ეცნობათ გაყიდვების შეჩერებისა და უხარისხო ალკოჰოლური სასმელების ბრუნვიდან ამოღების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ სიტუაცია მათ „მკაცრ“ კონტროლზეა აყვანილი.
შეზღუდვები ეხება კომპანიების: „ვედი-ალკოს“ (Vedia-Alco), „აბოვიანის ბრენდის ქარხანისა“ (Abovyan Brandy Factory) და „შაჰნაზარიანის ღვინისა და ბრენდის სახლის“ (Shahnazaryan Wine and Brandy House) მიერ წარმოებულ სომხურ ღვინოსა და ბრენდს.
მას შემდეგ, რაც 22 მაისს ძალაში შევიდა სომხური ყვავილების ექსპორტზე დაწესებული „დროებითი შეზღუდვები“, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი „პრობლემებს აფიქსირებენ“ სომხეთიდან იმპორტზე „არა მხოლოდ ყვავილების, არამედ ბოსტნეულისა და ხილის შემთხვევაშიც“.
რუსეთმა ასევე თქვა, რომ სომხური საწარმოების შემოწმება კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ასევე 22 მაისს რუსეთმა შემოიღო „დროებითი სანიტარული ზომები“, რითაც სრულად შეაჩერა სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ იმპორტი. მიზეზად დასახელდა ის, რომ პროდუქტი არ შეესაბამებოდა მის ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას.
„წყალში აღმოჩნდა ბიკარბონატის იონების, ქლორიდებისა და სულფატების ჭარბი რაოდენობა. პროდუქციის სამკურნალო თვისებების შესახებ მცდარმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუარესება“, – განაცხადეს რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა.
მაისის დასაწყისში, ერევანსა და მოსკოვს შორის განახლებული დაძაბულობის ფონზე, რუსეთმა უკვე შეაჩერა „ჯერმუკის“ გაყიდვა რეგულაციების სავარაუდო დარღვევების გამო და ამავდროულად განაახლა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ეს კომპანია ფიგურირებს.
სომხეთზე ეკონომიკური ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და მაისის დასაწყისში, საპარლამენტო არჩევნების წინ ერევანში ევროკავშირის ორ სამიტს უმასპინძლა. აპრილში გამართული შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა რუსეთის სურვილს, რომ არჩევნებში „პრორუსულმა“ პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა.
ამ შეზღუდვების პარალელურად რუსი მაღალჩინოსნები აგრძელებენ სომხეთის გაფრთხილებას ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გამო. მათ შორის, გაჟღერდა გაზის ფასის შესაძლო გაზრდის შესაძლებლობაც, თუ სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (EAEU) დატოვებს.
ამჟამად სომხეთი რუსულ გაზს 1000 კუბურ მეტრზე 177.5 დოლარად ყიდულობს, მაშინ როცა ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 600 დოლარს აჭარბებს.
„და თუ სომხეთმა გადაწყვიტა, გადადგას ნაბიჯი რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისკენ, როგორადაც ახლა ევროკავშირი ყალიბდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ვითარება ჩვენთვის მისაღები არ არის“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა 22 მაისს.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ერევანს საჯაროდ არასოდეს გამოუხატავს ბლოკის დატოვების სურვილი, სომხეთმა არაერთხელ დაადასტურა თავისი ინტერესი ევროკავშირთან კავშირების გაღრმავების მიმართ, მომავალში ევროკავშირის შესაძლო წევრობის ჩათვლით.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.