„ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში – კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) ეხმაურებიან.
ისინი კანონპროექტის დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ პარლამენტის დღის წესრიგიდან კანონპროექტი ამოიღონ.
„ამ ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის შარშან გატანასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად შემოღებისას ვთქვით, ახლაც ძალაში რჩება – არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან”, – განაცხადეს მათ.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.