ალეკო ელისაშვილი საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა

პუბლიკა

„მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

ელისაშვილი ამბობს, რომ ეს გამოკითხვა ფორმალობაა. არ სჯერა, რომ მისი ცემის საქმეს სამართლიანად გამოიძიებენ და დასჯიან იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს.

ელისაშივლის თქმით, თუ გამოძიება სჭირდებათ, არსებობს კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ უსწორდებიან მას აქციაზე სამართალდამცველები.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ეს იყო „სადამსჯელო ოპერაცია, მდინარაძემ ვერ გაბედა ჩემთვის პასუხის გაცემა, პოლიციელები დამასია ტურებივით” – თქვა მან.

„წყალწყალა პროცედურაა. ამათი გამოძიება არ გაიშვა. კანონმდებლობას პატივს ვცემ და ამიტომ ამ ფორმალობასაც დავიცავ, გავყვები [გამოძიებას], თორემ გამოძიება თუ უნდათ, არსებობს კადრები, სადაც ყველაფერი ხელის გულზეა, სახეები ჩანს… ეს იყო გაჩაღებული ცემა-ტყეპა, სადამსჯელო ოპერაცია. მშიშარა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა ჩემთვის პასუხი დაებრუნება, პოლიციელები დამასია თავზე, ბოდიშს ვიხდი, ისინი პოლიციელები არ არიან, ვინც მე მირტყამდა ისინი არიან „ძაღლობა”, საბჭოთა დროს რომ პოლიციას ეძახდნენ, იმათი მენტალური შთამომავლები არიან ესენი, თორემ მე პოლიციელებს პატივს ვცემ, კანონის დამცველ პოლიციელებს, მაგრამ რა კანონს იცავდნენ ესენი? კადრები რომ ვნახე, უფრო დავიძაბე, მაგდენი თუ მომხვდა არ მახსოვდა… 18 წლიანი მუხლია, ჯგუფური დანაშაულია, უფლებამოსილების გადამეტებაა, მარა აგერ ნახავთ გამოაძვრენენ”, – უთხრა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, 17 აპრილს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ – მისი თქმით, აქვს ნეკნის მოტეხილობა, დაზიანებები მთელს სხეულზე.

„იყვნენ აბსოლუტურად დაუნდობლები, ძირს ვეგდე და მირტყამდნენ პირდაპირ წიხლებს და მუხლებს”, – თქვა ელისაშვილმა.