„ძირს ვეგდე და მირტყამდნენ წიხლებს, მუხლებს" - ელისაშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების” ლიდერი და დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი „პუბლიკასთან” ჰყვება, რომ გუშინ პოლიციელები კანცელარიასთან სასტიკად გაუსწორდნენ – მისი თქმით, აქვს ნეკნის მოტეხილობა, დაზიანებები ტუჩებსა და მთელს სხეულზე.

„პოლიციასთან მქონდა ძიძგილაობა, ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მითქვამს, არანაირი შეურაცხმყოფელი ჟესტი ჩემგან არ ყოფილა, თუმცა ვძიძგილაობდით ნამდვილად. იქვე, ჩემს პირისპირ იდგა ვაჟა სირაძე, რომელმაც პირადად გასცა მითითება, რომ ეს შეათრიეთო, დააკავეთო და თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი პოლიციელების წიხლქვეშ, კორდონში შემათრიეს და ვისაც არ ეზარებოდა, მირტყამდა ყველა, ერთადერთი სამხედროს ბათინკებს ვხედავდი და დარტყმებს ვგრძნობდი. შემდეგ შემიყვანეს კანცელარიაში, სადაც კამათი მომივიდა ანზორ ჩუბინიძესთან, რომელიც როგორც ჩანს, იქაურობას ხელმძღვანელობდა, შემდეგ მე და ერთი ბიჭი ერთად დაგვაკავეს, მანქანაში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს.

ცოტახანს გვაყურყუტეს და შემდეგ გაგვანაწილეს. მე წამიყვანეს წერეთელზე მეტროსთან, იქ აბსოლუტურად სხვა გარემო იყო, ნორმალური და ადამიანური. მეტსაც გეტყვით, პოლიციელები ძალიან აგრესიულები იყვნენ აქციაზე, მაგრამ როგორც კი ოდნავ აქციას გამარიდეს, ერთი 20 პოლიციელი მაინც მოვიდა და ჩუმად მითხრა ყურში, მარჯვენაში გენაცვალეო.

ამის შემდეგ პოლიციაში ვიყავი რამდენიმე საათი, შემდეგ ლევან იოსელიანთან ერთად დავტოვე განყოფილება, ამის შემდეგ იმდენად მტკიოდა მარჯვენა მხარე, რომ წავედი კლინიკაში. აღმოჩნდა, რომ მაქვს ნეკნი მოტეხილი და ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს ტუჩები და მაქვს მთელს სხეულს დაზიანებები. ჩემდამი კონკრეტულად ვაჟა სირაძეს ჰქონდა პერსონალური აგრესია, რატომ არ ვიცი. როგორც კი კორდონს გამარიდეს, იმ კორდონში იყვნენ აბსოლუტურად დაუნდობლები, ძირს ვეგდე და მირტყამდნენ პირდაპირ წიხლებს და მუხლებს”, – განაცხადა მან.

გუშინ, 17 აპრილს, ალეკო ელისაშვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და კანცელარიის ტერიტორიიდან გაიყვანა. მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დაპირისპირება იყო. უცნობია, რას მოჰყვა შელაპარაკება, თუმცა როგორც ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, ელისაშვილს შენობაში შესვლა სურდა.

პოლიციამ გუშინდელ აქციაზე ორი პირი დააკავა.