SJC: მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას მთავრობა დემონსტრაციულად არ აღასრულებს

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო  სამსახურის გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით არის დაუსაბუთებელი და „ის აგრძელებს, ამ საქმეზე უსამართლო, არაეფექტიანი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ტენდენციას”.

2024 წლის 18 ივნისს, საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა საჯარო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება განაახლონ.

SJC-ის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ არის დამოუკიდებელი უწყება და მას არ აქვს ინსტიტუციური რესურსი გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების მძიმე და პოლიტიზირებული საქმეები.

ორგანიზაციის თქმით, სპეციალური საგამოძიებო უწყება დაეყრდნო  მხოლოდ თბილისის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებს და  თავად არ უწარმოებია ყოველმხრივი, სრული და დამოუკიდებელი გამოძიება. ამბობენ, რომ უწყებამ არც თემილან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოკითხა. ინფორმაცია გამოძიებაზე უარის შესახებ კი ცნობილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფეისბუქ გვერდიდან გახდა, რაც, მათი შეფასებით, ამ საქმეზე უწყების მუშაობის მანერას, თავის მხრივ, მისი პოლიტიზირებისა და მიუკერძოებლობის პრობლემას აჩვენებს. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიღებული გადაწყვეტილება არის ფორმალური, არასათანადოდ შესწავლილი, უსაფუძვლო  და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებასთან.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის სტანდარტების დარღვევის გამო მიიჩნია, რომ საქმეზე დაირღვა სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტი  და ჩათვალა, რომ სწორედ არაეფექტიანი გამოძიების გამო შეუძლებელია ცალკეულ საკითხებზე, მათ შორის, სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილზე მსჯელობაც კი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაეაზრებინა, რომ საქმეზე არსებითი დარღვევის დადგენა ევროპული სასამართლოს მიერ სწორედ გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების და შესაბამისი მტკიცებულებების არ ქონის გამო ვერ მოხდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ჩანს, უწყებამ სათანადოდ არ გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი შეფასებები და სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფუნდამენტური დარღვევები წარმოაჩინა, როგორც მცირე პროცესუალური დარღვევები, რომელიც გამოძიების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს. ჩვენთვის დაუსაბუთებელია და ეჭვების გამჩენი ის, თუ როგორ შეუძლია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების არ დადგენა გამოძიების მხრიდან, სპეცრაზმელების ჩვენებებში არსებითი ხასიათის ცდომილებები, მცირე მნიშვნელობის პროცესუალურ დარღვევებად მიიჩნიოს. უწყების ეს შეფასება ზუსტად იმეორებს იუსტიციის სამინისტროს პოზიციებს, რომელიც მან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ საჯაროდ წარმოადგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის მანერა და მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს უფრო ფართოდ ამ უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პრობლემას, რომელიც ვენეციის კომისიის, ევროკავშირისა და ადგილობრივი აქტორების მიერ არაერთხელ იყო გაკრიტიკებული.

ჩვენი მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შეეძლო გამოძიებაზე არსებითი გავლენის მოხდენა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, კონვენციით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ნიშნავს და საგანგაშო ტენდენციას აჩვენებს

წელზე მეტია,  რაც მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და საქართველოს მთავრობას მისი აღსრულების ვალდებულება წარმოეშვა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულება კონვენციის მხარე ყველა სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. გადაწყვეტილების აღსრულება მოიაზრებს არამხოლოდ მომჩივანისთვის კომპენსაციის გადახდას, არამედ დარღვეული უფლების აღდგენას, რაც მსგავს შემთხვევებში ხელახალი გამოძიების ჩატარებას გულისხმობს. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში, სწორედ საქმის ხელახალ გამოძიებასა და სასამართლოს მიერ გამოძიების პროცესში იდენტიფიცირებული ფუნდამენტური ხარვეზების გათვალისწინებით, ჩატარებას გულისხმობდა.

2024 წლის 18 ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ნიშნავს საქართველოს მთავრობის პრინციპულ უარს აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან”, – ნათქვამია განცხადებაში. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აპირებს, მიმართოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რათა მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოიცეს შუალედური რეზოლუცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი კომიტეტის სხდომაზე. ცენტრი მათ შორის მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას, რომელიც კომიტეტს აძლევს შესაძლებლობას თავად მიმართოს ევროპულ სასამართლოს სახელმწიფოს მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევის დასადგენად.