ომბუდსმენი: ვსწავლობთ ზუგდიდში მომხდარს და განვახორციელებთ ყველა შესაბამის ღონისძიებას

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ზუგდიდში მომხდარ ხანძარს, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები. არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.

სახალხო დამცველი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ყველა ქმედითი ნაბიჯი სიღარიბეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ისეთი მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ბავშვთა ეფექტიან დაცვას და ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებას, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების განუხრელი დაცვის მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ქ. ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში”, – აღნიშნულია განცახდებაში.

გუშინ, ღამით, ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. სახლში ასევე იმყოფებოდა კიდევ ორი მოზარდი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მათ არ აღენიშნებათ დამწვრობის ნიშნები და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეზობლები მედიასთან ამბობენ, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა. მათივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, რაღაც დროის წინ კი, როცა დედას შემოსავალი გაუჩნდა, შვილები დაიბრუნა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. მათი ცნობით, 2023 წლის 1 აპრილიდან ისინი ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი.

მათი მტკიცებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში. ოჯახი იღებდა სოციალურ შემწობას და რეინტეგრაციის ანაზღაურებას. უწყება წერს, რომ აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს